ახალი ამბები
უცხოეთი
პეკინის განცხადებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან ი-მ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან ნაყოფიერი მოლაპარაკებები გამართა. Reuters-ის ცნობით, ჩინეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ სალივანი და ვან ი აშშ-სა და ჩინეთის უთიერთობებში მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე საკითხების მოგვარებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრა ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გაიმართა.
„ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ი-ის გულწრფელი, არსებითი და ნაყოფიერი სტრატეგიული კომუნიკაცია ჰქონდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეინარჩუნებენ რეგულარულ კონტაქტს ორმხრივი ურთიერთობებისთვის,“ - აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
თავის მხრივ, France 24-ის ცნობით, თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ხსენებული შეხვედრა „საკომუნიკაციო ხაზების შენარჩუნებისა და ორ ქვეყანას შორის კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვის მცდელობის ნაწილია.“ მისივე თანახმად, მაღალი დონის დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში, ბაიდენისა და სი ძინპინის სატელეფონო საუბრის უზრუნველყოფის მიზნით, ორივე მხარე იმუშავებს.
სალივანმა „ხაზგასმით აღნიშნა ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობა,“ ნათქვამია ასევე თეთრი სახლის ინფორმაციაში, რომელიც ამ საკითხზე დამატებით დეტალებს არ ამჟღავნებს.
მოლაპარაკებების დროს ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთის, უკრაინის, ჩრდილოეთ კორეის, სამხრეთ ჩინეთის ზღვის და სხვა საერთაშორისო საკითხები - განაცხადა ორივე მხარემ.
ამასთან, თეთრი სახლის ცნობით, მხარეებმა სამხედროებს შორის კომუნიკაციის აღდგენის კუთხით პროგრესი აღიარეს და ამ არხების შენარჩუნების მნიშვნელობა აღნიშნეს.