ლოიდ ოსტინი ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმაზე: არ მოვითმენთ ამერიკულ ძალებზე თავდასხმებს და ყველა საჭირო ზომას მივიღებთ

აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის განცხადებით, აღშფოთებული და ღრმად დამწუხრებულია თავდასხმის გამო, რომელსაც სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ოსტინის თქმით, სამხედროები იორდანიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან იყვნენ განლაგებულნი და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედებდნენ.


„ლოცვებში ვიხსენიებ მამაც ამერიკელებს და მათ ოჯახებს. თავდაცვის მთელი უწყება გლოვობს მათ დაკარგვას,“ – აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.

ბაიდენის მსგავსად მან თავდასხმაში ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფები დაადანაშაულა და გაიმეორა პრეზიდენტის კომენტარი, რომ აშშ უპასუხებს ამ თავდასხმას მის მიერ არჩეულ დროსა და ადგილას.


„პრეზიდენტი და მე არ მოვითმენთ თავდასხმებს ამერიკულ ძალებზე და მივიღებთ ყველა საჭირო ზომას შეერთებული შტატების, ჩვენი ჯარების და ჩვენი ინტერესების დასაცავად," - განაცხადა ოსტინმა.


28 იანვარს, იორდანიაში, სირიის საზღვართან, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმის შედეგად, 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 34 დაშავდა.

ირანი აცხადებს, რომ იორდანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირი არ აქვს და აშშ-ის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს პოლიტიკური მიზნები აქვს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ფაქტების მოპოვება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა თავდასხმა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჯგუფებმა განახორციელეს, რომლებიც სირიასა და ერაყში მოქმედებენ.