აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ენერგეტიკული რესურსების საკითხებში, ლორა ლოხმენმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის შავი ზღვის რეგიონი „უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული ტერიტორიაა.“
მან ხაზი გაუსვა, რომ ეს რეგიონი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გახდა უფრო მნიშვნელოვანი, თუმცა, რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ მიღებული სანქციების შედეგად, „ევროპის ენერგეტიკული რუკა საკმაოდ მკვეთრად შეიცვალა.“
„ჩვენი გრძელვადიანი მიზანია შავი ზღვის რეგიონი, რომელიც იქნება უსაფრთხო, აყვავებული, ურთიერთდაკავშირებული და თავისუფალი მისი ტერიტორიული მთლიანობის ან ეკონომიკური იძულების საფრთხისგან,”- აღნიშნა ლორა ლოხმენმა. მან რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს გაუსვა ხაზი.
„ჩვენ ვმუშაობთ რუმინეთთან არსებული ელექტროსადგურების განახლებაზე, ახალი აგრეგატების მშენებლობასა და ევროპის პირველი მცირე მოდულური რეაქტორის განლაგებაზე, რომელიც ბევრ ქვეყანაში გადამწყვეტი იქნება ქვანახშირისგან თავის დაღწევისთვის.
ჩვენ ასევე ველოდებით „უმეტეს მონაწილეობას ბულგარეთის განახლებადი ენერგიისა და ენერგიის საცავის მიმართულებით. წლების მუშაობისა და დაგეგმვის შედეგად, თურქეთი გაჩნდა, როგორც რეგიონში გაზის მიწოდების კიდევ ერთი წყარო, ბულგარეთთან, რუმინეთთან, უნგრეთთან და მოლდოვასთან ხელშეკრულებების ხელმოწერა, ასევე მოიტანს დამატებითი რაოდენობის გაზს ევროპაში, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით,“ აღნიშნა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
მან ასევე ისაუბრა სამხრეთ კავკასიიდან ენერგომომარაგების მნიშვნელობაზე. „სამხრეთის გაზის დერეფანი წარმოუდგენელი პოლიტიკური და ტექნიკური მიღწევა იყო, რომელმაც მართლაც გააერთიანა ამ რეგიონის მთავრობები და კერძო სექტორი საერთო მიზნის მისაღწევად. რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების მხარდასაჭერად, შეერთებულმა შტატებმა “სამი ზღვის ინიციატივას“ ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ჩრდილოეთ-სამხრეთის დაკავშირებადობა ამ ინიციატივის ცენტრში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის შემდეგ. აშშ-ის განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC), 300 მილიონ აშშ დოლარამდე გამოყოფის პირობა დადო, რათა მხარი დაუჭიროს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტებს, რაც ამ ინიციატივისადმი ჩვენი ერთგულების კიდევ ერთი ძლიერი სიგნალია,“- განმარტა ლოხმენმა.
აშშ-ის შეფასებით, რეგიონულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში „უზარმაზარი პროგრესი“ უკვე მიღწეულია.
- ინფორმაციისთვის, სამი ზღვის ინიციატივა მიზნად ისახავს ცენტრალური ევროპის რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავებას (ბალტიის, ადრიატიკისა და შავ ზღვებს შორის), რაც ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ციფრული კომუნიკაციისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებებით ეკონომიკური განვითარების მყარ საფუძველს ქმნის. სამი ზღვის ინიციატივა ჩამოყალიბდა, როგორც 12 ქვეყნის თანამშრომლობის ფორუმი (წევრები: ავსტრია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და უნგრეთი). ტერიტორია, რომელსაც სამი ზღვის ინიციატივა მოიცავს, ევროკავშირის მთლიანი ფართობის თითქმის მესამედს წარმოადგენს, სადაც 112 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. 2022 წლის 20 ივნისს, უკრაინამ ევროკავშირის 12 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარი გაერთიანების „სამი ზღვის ინიციატივის“(სზი) მონაწილე-პარტნიორის სტატუსი მიიღო. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რიგის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით მიმართა გაერთიანების ლიდერებს და ამ ინიციატივაში უკრაინისათვის სპეციალური სტატუსის მიღების იდეა წამოაყენა. „ჩვენ უნდა გამოვძებნოთ ფორმატი, რომელშიც შესაძლებელი გახდებოდა გაერთიანების რეალიზება. მხოლოდ უკრაინასთან ერთად შეძლებენ ჩვენი ქვეყნები თავიანთი პოტენციალის რეალიზებას... ჩემი მეორე წინადადება იმაში მდგომარეობს, რომ გაძლიერდეს „სამი ზღვის ინიციატივის“ ფარგლებში თანამშრომლობის განმარტება,“ - მიმართა ვიდეოხიდის საშუალებით რიგის სამიტის მონაწილეებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელსაც მათ შორის თანამშრომლობის უსაფრთხოების ელემენტის გაძლიერება ჰქონდა მხედველობაში.
ცნობისთვის, ახალი ბირთვული ტექნოლოგიების განლაგების შესახებ, აშშ აცხადებს, რომ მიესალმება ჩართულობის შესაძლებლობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც ენერგოდამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან. ამის შესახებ Europetime-თან საუბრისას, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
შეგახსენებთ, შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე, აშშ-ში განხილულ თემებს შორის, სამხრეთ გაზის დერეფნის გაფართოებაც იყო. ეს არის დერეფანი, რომლითაც გაზი კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპას მიეწოდება. კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ სამწლიანმა შეთანხმებულმა მოქმედებამ და დაგეგმარებამ, მნიშვნელოვანი მოვლენები, მათ შორის, თურქეთის პოზიციონირება გამოიწვია, როგორც გაზის რეგიონული მიმწოდებლის ბულგარეთთან, რუმინეთთან, უნგრეთთან და მოლდოვასთან შეთანხმებების საფუძველზე.
გარდა ამისა, აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი იგრძნობა თურქეთის ბუნებრივი გაზის იმპორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით, რაც ხელს უწყობს ევროპისთვის გაზის მიწოდებას სამხრეთ გაზის დერეფნის მეშვეობით. საუბარი ასევე შეეხო ამ დერეფნის გავლით გაზის მიწოდების გაზრდის პოტენციალს.
კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა სამხრეთ გაზის დერეფნის სრული ფუნქციონირების მნიშვნელობა. პარტნიორები 2027 წლისთვის დერეფნის გავლით ტრანსპორტირებული გაზის მოცულობის გაორმაგების ძალისხმევაში აქტიურად არიან ჩართულნი, რაც პოზიტიურ განვითარებად მიიჩნიეს. ეს ინიციატივები ემთხვევა უფრო ფართო სტრატეგიებს, რომლებიც ევროკავშირის შიგნით, რუსულ საწვავზე დამოკიდებულების თანდათან შემცირებას გულისხმობს.
გარდა ამისა, ყურადღება მიიპყრო შავ ზღვაში საზღვაო ბურღვის ოპერაციებმა, რომლებიც მიზნად ისახავს თურქეთის და რუმინეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებისას. ეს მცდელობები ასახავს ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციისა და რეგიონული სტაბილურობის გაძლიერებისკენ არის მიმართული.
ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ გაზის დერეფანს, რადგან ვაშინგტონის შეფასებით, ის წვლილს შეიტანს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში და კასპიის რეგიონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციაში დასავლეთთან.
სამხრეთის გაზის დერეფანმა ევროპაში ტრანსპორტირება აზერბაიჯანული გაზის 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ის კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირებას საქართველოსა და თურქეთის გავლით ახორციელებს. პროექტის ღირებულებამ პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით, $33 მილიარდი შეადგინა. SGC პროექტზე კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად ანაზღაურდება 8-10 წლის განმავლობაში. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ 2027 წლისთვის, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის მიწოდების მოცულობა გაზარდონ.
სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს.