საქსტატი: 2023 წელს საქართველოში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა გაიზარდა

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს გაცემულია 11 279 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 4.2 პროცენტით მეტი) 9 379.2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 26.4 პროცენტით მეტი). ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნებართვების 73.7 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49.7 პროცენტი მოდის თბილისზე, 8.9 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.4 პროცენტი-ქვემო ქართლის რეგიონზე და 6.7 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე.


„აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.


2023 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 3 293.2 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 23.7 პროცენტით მეტი) 3 182 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 19.9 პროცენტით მეტი). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 33.1 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 13.1 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.0 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 8.5 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.