ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი მარატ კარაბაევი რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველს ფლორინ სპატარუს ბრიუსელში შეხვდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სამოქალაქო ავიაციისა და საგზაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა, ყაზახეთის დელეგაციის რუმინეთში ვიზიტისას ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის) და TRACECA-ს განვითარება განიხილეს. კარაბაევმა რუმინელი ინვესტორები მიიწვია, რათა ერთობლივად განახორციელონ ინფრასტრუქტურული პროექტები ტრანსპორტის სექტორში.
თავის მხრივ, ფლორინ სპატარუმ ყაზახეთსა და რუმინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიმართ ინტერესი გამოხატა.
2023 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, ყაზახეთსა და რუმინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ყაზახეთიდან რუმინეთში ექსპორტმა 2.5 მილიარდი დოლარი, ხოლო იმპორტმა რუმინეთიდან ყაზახეთში 101 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.