დანიამ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მხარდასაჭერად, 3 მლნ კრონა გამოყო

დანიამ ხელი მოაწერა ახალ, ნებაყოფლობით კონტრიბუციას, რომელიც საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის მხარდაჭერას ითვალისწიებს. დანიის მიერ წელს გამოიყო 3 მილიონი კრონა, რომელიც საქართველოში ევროპის საბჭოს 2024 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს დააფინანსებს.


„მოსალოდნელია, რომ დანიის მხრიდან ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერა მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება. დანია მრავალი წელია, მხარს უჭერს ევროპის საბჭოს მუშაობას ევროპის სამეზობლოში, მათ შორის, საქართველოში. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებას,“ - წერს დანიის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.


ევროპის საბჭოს თბილისის წარმომადგენლობის ცნობით, დანიის მთავრობამ დაახლოებით 1,200,000 ევრო გამოყო ევროპის საბჭოს შემდეგი სამი სამოქმედო გეგმის მხარდასაჭერად: 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის; 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმა მოლდოვის რესპუბლიკისთვის და 2023-2026 წლების სამოქმედო გეგმა უკრაინისათვის - „მდგრადობა, აღდგენა და რეკონსტრუქცია.“

„ამ მნიშვნელოვანი ფაქტის აღსანიშნავად, შეხვედრა გაიმართა ევროპის საბჭოში დანიის მუდმივ წარმომადგენელს, ელჩ იენს კისლინგსა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე, ბიორნ ბერგეს შორის,“ წერს ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი.