საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1478-ე სხდომის ფარგლებში, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. საგარეო საქმეთა საკინისტროს ცნობით, შეხვედრა, რომელშიც საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ევროპის საბჭოსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ბიორნ ბერგემ გახსნეს.


აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად.


„სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს ქვეყანაში ევროპის საბჭოს ფასეულობების: ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის განმტკიცებას, ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას, კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ევროპულ სტანდარტებთან შემდგომ დაახლოებას. სამოქმედო გეგმა, ასევე, ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს მეოთხე სამოქმედო გეგმაა. 2020-2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულება ორგანიზაციის მიერ დადებითად შეფასდა,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თავის მხრივ, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ბიორნ ბერგემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა დაეყრდნობა არსებულ მიღწევებს: „ის ემყარება ევროპის საბჭოს უახლეს შეფასებებს, მონიტორინგის ანგარიშებსა და რეკომენდაციებს, ასევე რეიკიავიკის დეკლარაციას, რომელიც გასულ მაისს შეთანხმდა ევროპის ლიდერებს შორის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტზე. რაც მთავარია, სამოქმედო გეგმა ეფუძნება თავად საქართველოს პრიორიტეტებს.“


ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამოქმედო გეგმის თანახმად, ევროპის საბჭო და საქართველოს ხელისუფლება შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობითი პროგრამების საშუალებით, ერთობლივად განახორციელებენ რეფორმებს, რომელთა მიზანია, გაფართოვდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის განხორციელება ეროვნულ დონეზე; ეროვნული კანონმდებლობა და ანტიდისკრიმინაციული პრაქტიკა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს; ხელი შეეწყოს გენდერულ თანასწორობას; გაძლიერდეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება; გაუმჯობესდეს საარჩევნო კანონმდებლობა და პრაქტიკა; დამატებითი რეფორმები ჩატარდეს პენიტენციურ, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემებში; ეროვნული პრაქტიკა მედიისა და ინტერნეტის სფეროებში შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს; გაუმჯობესდეს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხი; გაძლიერდეს ეკონომიკურ და სოციალურ უფლებათა დაცვა; განვითარდეს ახალგაზრდული პოლიტიკა; ხელი შეეწყოს იურიდიული პროფესიის ახალგაზრდა წარმომადგენელთა დასაქმებას და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილებათა მიღებაში ყველა დონეზე.