მასკის განცხადებით, მისმა კომპანიამ ადამიანის ტვინში ჩიპი პირველად ჩანერგა

Space X-ის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისმა კომპანია Neuralink-მა ადამიანის ტვინში უსადენო ჩიპი პირველად ჩანერგა.

BBC-ის ინფორმაციით, როგორც მასკი ამბობს, „შედეგები იმედისმომცემია, პაციენტი თავს კარგად გრძნობს.“

კომპანიის მიზანია, ადამიანის ტვინი კომპიუტერს დაუკავშიროს და ნევროლოგიური დარღვევების მქონე პაციენტებს დაეხმაროს.


Neuralink წარსულში გააკრიტიკეს. Reuters-მა 2022 წლის დეკემბერში დაწერა, რომ კომპანია ჩართული იყო ტესტირებაში, რამაც დაახლოებით, 1,500 ცხოველის სიკვდილი, მათ შორის, ცხვარის, მაიმუნის და ღორის სიკვდილი გამოიწვია. 2023 წლის ივლისში, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - რომელიც იკვლევს ცხოველთა კეთილდღეობის პრობლემებს, განმარტა, რომ ცხოველთა კვლევის წესების დარღვევა ვერ აღმოაჩინა. თუმცა უწყებაში ცალკე გამოძიება მიმდინარეობს. მასკის კომპანიას FDA-მ 2023 წლის მაისში მისცა ჩიპის ადამიანებზე ტესტირების ნებართვა.