საია: ოჯახური დანაშაულის საქმეებზე სასამართლოს მიდგომა ლოიალურია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მე-17 ანგარიშში, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მომზადდა, ნათქვამია, რომ ოჯახური დანაშაულის საქმეებზე სასამართლოს მიდგომა უფრო ლოიალურია. ზოგიერთი მოსამართლე ჯეროვნად არ აფასებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპებზე ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ პირთაგან მომდინარე საფრთხეებს. მოსამართლეები ამ ტიპის დანაშაულზე, წინა წელთან შედარებით, 9%-ით ნაკლებად იყენებენ აღკვეთის ღონისძიებას - პატიმრობას.


დოკუმენტში გაანალიზებულია სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე გამოკვეთილი გამოწვევები, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს პირის თავისუფლების და უსაფრთხოების უფლებაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ამ უფლებების ეფექტიანი დაცვის საშუალებაზე, ასევე, უკავშირდება სასამართლოში სხვადასხვა სისტემურ პრობლემას.


საიას განმარტებით, ანგარიში ასახავს სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის შედეგებს 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სასამართლოებში. აგრეთვე მონიტორინგის სხვადასხვა ეტაპზე გამოვლენილ ძირითად ტენდენციებს.

ანგარიშშია აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში, საია დააკვირდა 844 სასამართლო სხდომას.


„სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები შემდეგია: პირველი წარდგენის სხდომები- სხდომებზე სასამართლო ბრალდებულებს, უმეტესად, უფარდებს აღკვეთის ღონისძიებას. წლებია, საია საუბრობს, რომ სასამართლო უალტერნატივოდ იყენებს აღკვეთის ღონისძიების ორ სახეს - გირაოსა და პატიმრობას. ორგანიზაციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, საკანონმდებლო დონეზე კვლავ არ გაფართოებულა აღკვეთის ღონისძიების არსებული სახეები, რაც მოსამართლეებს მისცემდა გირაოსა და პატიმრობის ალტერნატიული ეფექტიანი ღონისძიების შეფარდების შესაძლებლობას; ბრალდების მხარე 310 (98%) პირის მიმართ ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას.


სასამართლომ 175 (63%) სხდომაზე 189 (62%) პირს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო, 102 (36%) სხდომაზე 112 (37) პირს - პატიმრობა, 2 (1%) სხდომაზე კი 2 (1%) პირის მიმართ გამოიყენა გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეთანხმება - კვლავ მაღალია გირაოს და პატიმრობის დაუსაბუთებლად ან არასათანადო დასაბუთებით გამოყენების მაჩვენებელი.


პროკურატურა ბრალდებულის პიროვნების, მისი ქონებრივი მდგომარეობისა და ბრალდებულისგან მომდინარე საფრთხეების შესასწავლად ყველა შემთხვევაში არ ცდილობს, მოიპოვოს და სასამართლოში წარმოადგინოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული სრულყოფილი ინფორმაცია; საანგარიშო პერიოდში 81 (43%) ბრალდებულის მიმართ გამოყენებული გირაო იყო დაუსაბუთებელი, თანხის ოდენობის შესაბამისობა ან/და მისი გამოყენების მიზანშეწონილობა არ იყო თანხვედრაში; აღსანიშნავია, რომ 31 (16%) ბრალდებულს შეეფარდა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით.


დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ პატიმრობის უზრუნველყოფით გირაოს გამოყენების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ აღმოფხვრა ის ბუნდოვანება, რომელზე აპელირებითაც ზოგიერთი მოსამართლე დაკავებულ პირთა მიმართ უაპელაციოდ იყენებდა პატიმრობით უზრუნველყოფილ გირაოს; სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად, 64 (34%) ბრალდებულს დააკისრა დამატებითი ვალდებულება.


კვლავ პრობლემაა ის ფაქტი, რომ მხარეს, აღკვეთის ღონისძიებისგან დამოუკიდებლად, არ აქვს დამატებითი ვალდებულების ზედა ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. სათანადო სასამართლო კონტროლი და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები; მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, პირველი წარდგენის 183 (59%) სხდომაზე 177 (56%) ბრალდებული წარდგა სასამართლოს წინაშე დაკავებულის სახით, რაც, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 4%-ით შემცირებული მაჩვენებელია. კვლავ პრობლემად რჩება დაკავების კანონიერების საკითხის საჯარო სხდომაზე განხილვა.


გაუგებარია, სასამართლოს რატომ არ აქვს მოტივაცია, დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით საჯარო სხდომაზე მოისმინოს მხარეთა პოზიციები; ოთხმა ბრალდებულმა ისაუბრა პოლიციელთა მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე; საპროცესო შეთანხმებები - არ ხორციელდება ჯეროვანი სასამართლო კონტროლი საპროცესო შეთანხმებებზე. სასამართლომ 217 საპროცესო შეთანხმების სხდომიდან (248 პირის მიმართ) მხოლოდ 2 (1%) შეთანხმება არ დაამტკიცა; უმეტესად ფორმალურია საპროცესო შეთანხმების სხდომები. მოსამართლეები სრულყოფილად არ განმარტავენ შესაბამის უფლებებს და სათანადოდ არ იკვლევენ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელის კანონიერებასა და სამართლიანობას.


გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებით განსაზღვრული ჯარიმა წინასწარ გადაიხადა. ასეთი ფაქტები კიდევ უფრო აკნინებს სასამართლოს როლს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების ნაწილში; ყველაზე ხშირად საპროცესო შეთანხმება იდება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ [53 (22%)], ნარკოტიკულ [48 (20%)] და მმართველობის წესის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე [32 (13%)]; დაკვირვებამ აჩვენა, რომ 61 (28%) სხდომაზე პროკურორის მიერ შუამდგომლობის მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოქვეყნდა, ბრალდების მხარემ წაიკითხა საპროცესო შეთანხმების პირობები და საქმის გარემოებებზე არ უსაუბრია.

საპროცესო შეთანხმებები მცირე დროში განიხილება. საანგარიშო პერიოდში საპროცესო შეთანხმების სხდომათა 50% (108 სხდომა) 15 წუთამდე დროში დასრულდა; საგრძნობლადაა გაზრდილი საპროცესო შეთანხმებით დაკისრებული ჯარიმის საშუალო ოდენობა და 4746 ლარს შეადგენს, მაშინ, როცა წინა საანგარიშო პერიოდში ის 3451 ლარი იყო.


სასამართლოს მონიტორინგი აჩვენებს, რომ ჯარიმის საშუალო ოდენობა, ბოლო ორი საანგარიშო პერიოდია, მზარდია. სხდომების გადადება და დაგვიანებით დაწყება; ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა გაჭიანურებული სამართალწარმოება - კანონმდებლობით განსაზღვრული საქმის განხილვის ვადების დარღვევა და წლების განმავლობაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები. პრობლემად რჩება სხდომების ხშირი გადადება და დაგვიანებით დაწყება; საიამ მონიტორინგი გაუწია არსებითი განხილვის 247 სხდომას 484 პირის მიმართ.


აქედან 88 (36%) სხდომა გადაიდო. არსებითი განხილვის დროს სხდომათა გადადების მაჩვენებელი, წინა წლის მონაცემთან შედარებით, 3%-ითაა შემცირებული; არსებითი განხილვის 247 სხდომიდან 92 (37%) მათგანი დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზი, უმეტესად, იყო მოსამართლის დაგვიანება - 32 (35%) შემთხვევაში, ხოლო ადვოკატის დაგვიანება - 22 (24%) შემთხვევაში. ასევე, 9 (10%) შემთხვევაში ამის მიზეზი იყო პროკურორის დაგვიანება, ხოლო 5-ში (5%) - პენიტენციური სამსახურის მხრიდან ბრალდების დროულად წარმოუდგენლობა. სხვა პროცესის იმავე სხდომის დარბაზში გაგრძელების მიზეზით სხდომა დაგვიანებით დაიწყო 7 (8%) შემთხვევაში, ბრალდებულის დაგვიანების გამო - 1 (1%), ხოლო სხვა მიზეზით - 16 (17%) შემთხვევაში,“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


საიას ცნობით, ოჯახური დანაშაულები - 315 პირის მიმართ ჩატარებული აღკვეთის ღონისძიების შერჩევის სხდომიდან 81 პირის (26%) საქმე ოჯახურ დანაშაულს შეეხებოდა.

„სასამართლომ 30 (37%) მათგანის მიმართ პატიმრობა, 47-ის (58%) მიმართ კი, გირაო გამოიყენა. 1 (1%) პირს შეეფარდა შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ. ხოლო 3 (4%) შემთხვევაში ოჯახში ძალადობაში ბრალდებული მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა; მიმდინარე საანგარიშო პერიოდში საიას მონიტორინგს არ გამოუვლენია ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულისთვის ბრალდებულ პირთათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევა; მიმდინარე საანგარიშო პერიოდში ოჯახური დანაშაულის საქმეებზე სასამართლოს მიდგომა უფრო ლოიალურია.


ზოგიერთი მოსამართლე ჯეროვნად არ აფასებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპებზე ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ პირთაგან მომდინარე საფრთხეებს. მოსამართლეები ამ ტიპის დანაშაულზე, წინა წელთან შედარებით, 9%-ით ნაკლებად იყენებენ აღკვეთის ღონისძიებას - პატიმრობას. გირაოს შეფარდების შემთხვევები კი 10%-ითაა გაზრდილი. საიას მონიტორინგს დაქვემდებარებული 247 არსებითი განხილვის სხდომიდან 48 (19%) მათგანი ოჯახურ დანაშაულსა და ოჯახში ძალადობის საქმეს შეეხებოდა. ამ ტიპის საქმეებზე სასამართლომ სასჯელის სახედ, უმეტესად, გამოიყენა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა (6 (50%) შემთხვევა), ხოლო 4 (29%) შემთხვევაში - პირობითი მსჯავრი,” - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


საიას ინფორმაციით, მონიტორინგისას გამოიკვეთა სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც.

„გამოწვევაა სხდომების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნება - პირველი წარდგენის სხდომების შესახებ ინფორმაცია, უმეტესად, არ ქვეყნდება. სასამართლოები, ხშირ შემთხვევაში, არ გასცემენ საჯარო ინფორმაციას იმ არგუმენტით, რომ კონკრეტულ მონაცემებს არ ამუშავებენ, მაშინ, როცა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საჯარო უწყებების მოვალეობაა. ხელმისაწვდომობა, მათ შორის, მოიცავს მოთხოვნის არსებობისას იმ მონაცემების დამუშავებასაც, რომლებსაც უწყება საკუთარი სურვილით არ აქვეყნებს; კვლავ პრობლემაა პროკურორის დადგენილებით ბრალდებულთათვის გარე სამყაროსთან კონტაქტის დაუსაბუთებლად შეზღუდვა.


ამასთანავე, საიას აზრით, ბრალდებულთათვის ადვოკატებთან სატელეფონო საუბრის შეზღუდვა არღვევს ბრალდებულის დაცვის უფლებას,“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.