სი ძინპინმა თალიბანის მთავრობის ელჩი მიიღო - პეკინი „დიპლომატიურ შეთანხმებაზე“ საუბრობს

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რამდენიმე ქვეყნიდან ელჩების რწმუნებათა სიგელები მიიღო. მათ შორის „თალიბანის“ მთავრობის ელჩი, რაც “დიდი ქვეყნის მიერ თალიბანის მთავრობის პირველ ოფიციალურ აღიარებას ნიშნავს.“ ამის შესახებ ამერიკის ხმა წერს.

სი ძინპინი ბილალ კარიმს, თალიბების მიერ დანიშნულ ელჩს, კუბის, პაკისტანის, ირანის და 38 სხვა ქვეყნის ელჩებთან ერთად, ოფიციალურ ცერემონიაზე მიესალმა.


„ჩინეთისთვის გასაგებია ის, რაც დანარჩენმა მსოფლიომ ვერ გაიგო,“ - აღნიშნა თალიბანის მთავარმა წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა. „ჩვენ არ ვართ ერთპოლარულ სამყაროში,“ განაცხად მუჯაჰიდმა და მსგავსი ნაბიჯების გადადგმისა და ქაბულთან ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ რუსეთს, ირანს და სხვა ქვეყნებსაც მოუწეოდა.


ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობოთ, სი ძნპინმა ახალ ელჩებს განუცხადა, რომ ჩინეთი ამ ქვეყნებთან ღრმა მეგობრულ და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას ეძებს. ავღანეთის ელჩმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჯავიდ აჰმედმა, ჩინეთის ნაბიჯს აღიარების აქტი უწოდა.

ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ქვეყნებმა თალიბანის ლიდერებს ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები დაუწესეს და ისინი ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევაში დაადანაშაულეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის თქმით, თალიბების ურთიერთობა საერთაშორისო საზოგადოებასთან, მათ ქმედებებზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება ჩინეთის ნაბიჯს, მილერის თქმით, ამაზე განმარტება თავად პეკინის საქმეა, თუმცა „მან საპირისპირო კომენტარები მოისმინა ჩინური მხარისგან.“


აღიარებს თუ არა ჩინეთი თალიბანს და ნიშნავს თუ არა ეს დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას, ამ შეკითხვას ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა შემდეგნაირად უპასუხა:

„თქვენ იკითხეთ, აღიარებს თუ არა ჩინეთი ოფიციალურად ავღანეთის დროებით მთავრობას, მე მინდა ვთქვა, რომ ჩინეთი თვლის, რომ ავღანეთი არ უნდა გამოირიცხოს საერთაშორისო თანამეგობრობიდან. ვიმედოვნებთ, რომ ავღანეთი შემდგომში უპასუხებს საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინებს, ააშენებს ღია და ინკლუზიურ პოლიტიკურ სტრუქტურას, მიიღებს ზომიერ და წინდახედულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას, მტკიცედ შეებრძოლება ყველა სახის ტერორისტულ ძალებს, განავითარებს მეგობრულ ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით მეზობლებთან, ინტეგრირდება მსოფლიო საზოგადოებაში. ჩვენ გვჯერა, რომ ავღანეთის მთავრობის დიპლომატიური აღიარება ბუნებრივად მოხდება, როცა სხვადასხვა მხარის შეშფოთება ეფექტიანად გადაიჭრება.


ჩინეთის პოლიტიკა ავღანეთთან დაკავშირებით, თანმიმდევრული და მკაფიოა. როგორც ავღანეთის ტრადიციულად მეგობარი და მეზობელი, ჩინეთი ერთგულია მეგობრული საგარეო პოლიტიკისა ყველა ავღანელი ხალხის მიმართ და ინარჩუნებს დიპლომატიურ კავშირებს და თანამშრომლობს ავღანეთთან სხვადასხვა სფეროში.

ნორმალური დიპლომატიური შეთანხმებაა, რომ ჩინეთმა მიიღოს ახალი ელჩი, რომელიც გამოგზავნილია ავღანეთის დროებითი მთავრობის მიერ და მან თავისი რწმუნებათა სიგელები გადასცეს ჩინეთის ლიდერს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გააძლიერებს ჩართულობას ავღანეთის დროებით მთავრობასთან, წაახალისებს მას, აქტიურად უპასუხოს საერთაშორისო შეშფოთებას, ერთობლივად დაეხმაროს ავღანეთის აღდგენას, განვითარებას და მხარი დაუჭიროს ავღანეთის ძალისხმევას ძალადობრივი ტერორისტული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე, ხელი შეუწყოს რეგიონულ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას,“ - აღნიშნა სპიკერმა.


როგორ ჩამოყალიბდა თალიბანი?

1990-იან წლებში, ავღანეთიდან საბჭოთა კავშირის გასვლის შემდეგ, თალიბანი ერთ-ერთი იყო იმ ძალებს შორის, რომლებიც სამოქალაქო ომში იბრძოდნენ. დაჯგუფება 1994 წელს ავღანეთის ქალაქ ყანდაარში შეიქმნა. დამფუძნებელი ადგილობრივი იმამი, მულა მუჰამედ ომარი იყო. ის მებრძოლებს 2013 წლამდე, გარდაცვალებამდე მეთაურობდა.

რა აკავშირებდათ აშშ-სთან?

თავდაპირველად, თალიბანმა საკუთარ რიგებში ავღანური წინააღმდეგობის წევრები, მოჯაჰედები მიიღო. 1980-იან წლებში, ამერიკის შეერთებული შტატები მათ საბჭოთა ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში უჭერდა მხარს.

როგორ მოიპოვა თალიბანმა ძალაუფლება?

1989 წელს, საბჭოთა კავშირის ავღანეთიდან გასვლისა და ავღანეთის მთავრობის დაშლის შემდეგ, ქვეყანა სამოქალაქო ომში ჩაეფლო. წესრიგისა და სამართლიანობის აღდგენის დაპირებით, თალიბანმა მხარდაჭერა მიიღო. 1994 წელს, დაჯგუფებამ განსაკუთრებული წინააღმდეგობის გარეშე, ქალაქი ყანდაარი აიღო. 1996 წელს, მათ ქვეყნის დედაქალაქი, ქაბული დაიკავეს.


თალიბების მმართველობის პრინციპები, ისლამური შარიათის კანონების მკაცრ ინტერპრეტაციაზეა დაფუძნებული. მათი მმარტველობისას საჯაროდ სიკვდილით დასჯა ხშირად ხდებოდა. ქალებს განათლების მიღება და მუშაობა ეკრძალებოდათ. ისინი ვალდებულნი იყვნენ ეტარებინათ ბურქა, რომელიც სრულად ფარავს მათ სხეულს. მმართველობის დროს, თალიბანმა აკრძალა დასავლური ფილმები და წიგნები, გაანადგურა განსხვაბებული ტარდიციისა და კულტურის ისტორიული მნიშვნელობის არტეფაქტები და სხვადასხვა ნიმუშები. მათ შორის ბუდას 1 500 წლის, გიგანტური ქანდაკება, ბამიანის პროვინციაში.

რა კავშირია თალიბანსა და ალ-ქაიდას შორის?

თალიბანმა უზრუნველყო დაჯგუფება ალ-ქაიდას მებრძოლთა ჯგუფის უსაფრთხო თავშესაფარი, რომელსაც მაშინ ოსამა ბინ ლადენი ხელმძღვანელობდა. ალ-ქაიდამ ტერაქტებისთვის მოსამზადებლად, ავღანეთში სასწავლო ბანაკები შექმნა. სწორედ ამ ბანაკებში ამზადებდნენ ტერორისტებს, რომლებიც შემდეგ ტერორისტულ აქტებს მთელ მსოფლიოში აწყობდნენ, მათ შორის აშშ-ში - 2001 წელს 11 სექტემბერს. ამერიკული მხარე თალიბანს ამ თავდასმის ორგანიზების უმთავრესი ეჭვმიტანილების, ოსამა ბინ ლადენისა და მისი გარემოცვისთვის თავშესაფრის მიცემაში ადანაშაულებდა.

როგორ დაკარგეს ძალაუფლება?

11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ერთ თვეზე ნაკლებ დროში, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ავღანეთში შევიდნენ. დეკემბრის დასაწყისში, თალიბანის მთავრობა დაეცა და ამერიკამ ავღანელებთან ერთად, დემოკრატიული მთავრობის შესაქმნელად დაიწყო მუშაობა.

რა მოხდა შემდეგ?

დამარცხების შემდეგ, თალიბანის ლიდერები ავღანეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, პაკისტანის მოსაზღვრე რეგიონებში გაიქცნენ და გამაგრდნენ. შეიარაღებული დაჯგუფება აშშ-ის მხარდაჭერილი ავღანეთის მთავრობის წინააღმდეგ არაერთ თავდასხმას აწყობდა. მათ შორის, ხელნაკეთი ბომბებითა და თვითმკვლელი თავდამსხმელების გამოყენებით.


2020 წელს, აშშ-ის მთავრობამ, თალიბანთან მოლაპარაკება გამართა. მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმებით, დადგინდა ამერიკული ჯარების ქვეყნიდან გაყვანის ვადები - თალიბანის მიერ ამერიკელებზე თავდასხმების დასრულებისა და ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებების სანაცვლოდ. თუმცა თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, წარუმატებლად დასრულდა.

რომელი ქვეყნები აღიარებენ თალიბანს?

1996-2001 წლებში, თალიბანის მთავრობა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა, მათ შორის - პაკისტანმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და საუდის არაბეთმა.

წყარო  - ამერიკის ხმა