ევროკავშირის ელჩი: ვიმედოვნებთ, არჩევნების პარალელურად, 9 ნაბიჯის შესრულებაზე მუშაობა გაგრძელდება და დაჩქარდება

„9 ნაბიჯის განხორციელება საქართველოს ხელისუფლების ხელშია. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მუშაობა ინტენსიური გახდება მიუხედავად არჩევნებისა, რომელიც 9 თვეში გაიმართება და აუცილებლად დიდ ყურადღებას მიიპყრობს,“ - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.


„სიტუაცია ძალიან ნათელია, საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ძალიან მოხარული ვართ. ჩვენ, ჩვენი მხრივ დავამტკიცეთ, რომ კარი ღიაა, მაგრამ ამავდროულად, იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, საქართველოს სჭირდება რეფორმების განხორციელება, საქართველოს სჭირდება იყოს ძლიერი, სტაბილური, მდგრადი ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუტებით. სწორედ ამიტომ შეთანხმდნენ ჩვენი ლიდერები 9 ნაბიჯზე. 9 ნაბიჯის განხორციელება საქართველოს ხელისუფლების ხელშია.


გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მუშაობა ინტენსიური გახდება მიუხედავად არჩევნებისა, რომელიც 9 თვეში გაიმართება, რომელიც, გვესმის, რომ აუცილებლად დიდ ყურადღებას მიიპყრობს, მაგრამ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ პარალელურად, 9 ნაბიჯის შესრულებაზე მუშაობა გაგრძელდება, დაჩქარდება კიდეც ისე, რომ საქართველომ შეძლოს შემდგომ ეტაპზე გადასვლა, რაც ნიშნავს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას, რაც წელსაც შეიძლება მოხდეს,“ - აღნიშნა ელჩმა.


მან ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულ რეკომენდაციებისა და რეფორმების მიზანია არა ევროკავშირისთვის თავის მოწონება, არამედ ქვეყნის გაძლიერება, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე.

„ასე რომ, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებზე დიდი ყურადღება იქნება მიპყრობილი, პარალელურად, ძლიერი მუშაობა, რეფორმები გაგრძელდება. ეს ნაბიჯები, ეს რეფორმები არ არის ბრიუსელისთვის, ევროკავშირისთვის თავის მოსაწონებლად, არამედ მათი მიზანია, საქართველო გახდეს ძლიერი, მდგრადი, დემოკრატიული ქვეყანა საქართველოს მოქალაქეების გულისთვის,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.