უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ მისია შესრულებულია, უნგრეთის სახსრები უკრაინაში არ აღმოჩნდება. მანამდე ევროკავშირის 27-ვე წევრმა, მათ შორის უნგრეთმაც, მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გადაცემას.
„მისია შესრულებულია. უნგრეთის სახსრები უკრაინაში არ აღმოჩნდება, პირველი და მეორე წლის ბოლოს კონტროლის მექანიზმი გვაქვს. უკრაინაში მიმდინარე ომზე ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება: საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები,” - განაცხადა ორბანმა.
ორბანის თქმით, დეკემბერში ევროპულმა საბჭომ “ორი უნგრული პრობლემის” მოგვარება ვერ მოახერხა და ამიტომ უნგრეთმა მაშინ თანხმობა არ განაცხადა უკრაინისთვის დახმარებაზე.
„ვშიშობდით, რომ ევროკავშირის ფონდებიდან სახსრები, რომელიც უნგრელებისთვის არის განკუთვნილი და ევროკომისიის მიერაა დაბლოკილი, ადრე თუ გვიან უკრაინაში აღმოჩნდებოდა. ვშიშობდით, რომ რესურსები უკრაინას გრძელვადიანი პერიოდით უკონტროლოდ გადაეცემოდა,” - განაცხადა ორბანმა.
უკრაინისთვის გათვალისწინებული თანხის ნაწილი, 17 მილიარდი, პირდაპირი დახმარება იქნება, დანარჩენი 33 მილიარდი კი, მომავალი ოთხი წლის განმავალობაში კიევს კრედიტების ფორმით გადაერიცხება.
შეგახსენებთ, შეთანხმება მიღწეულია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის რამდენიმეკვირიანი წინააღმდეგობის შემდეგ.
ორბანმა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას დეკემბერში ვეტო დაადო.