Politico: ორბანის დარწმუნებაში მთავარი როლი მელონიმ და მაკრონმა ითამაშეს

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბოლო კვირების განმავლობაში ამზადებდნენ ნიადაგს, რათა დაერწმუნებინათ ვიქტორ ორბანი, არ დაებლოკა უკრაინის 50 მილიარდიანი ფინანსური დახმარება. ამის შესახებ Politico-მ მოლაპარაკებების მიმდინარეობის მცოდნე წყაროებიდან შეიტყო.

გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, ამ კვირაში იტალიის პრემიერ-მინისტრი ასევე ესაუბრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ტელეფონით, გამართა ერთსაათიანი შეხვედრა ბრიუსელში სამიტის დაწყებამდე და პირველ თებერვალსაც, დილით  სხდომის დაწყებამდე.


მაკრონმა ასევე ითამაშა როლი ორბანის დარწმუნებაში, რომელსაც უნგრეთის ლიდერთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა.

როგორც გამოცემა წერს, საფრანგეთის პრეზიდენტი ორბანს ოთხშაბათს, 31 იანვარს შეხვდა. როგორც ცნობილია, ამ თვის დასაწყისში მაკრონი ორბანის გადაბირებას ჯერ კიდევ ელისეს სასახლეში ლანჩის დროს გამართული მოლაპარაკებებისა ცდილობდა.


საბოლოოდ, როგორც Politico აღნიშნავს, ფრანგი და იტალიელი ლიდერების ძალისხმევამ უბიძგა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, რომ ევროკავშირის ლიდერებს შორის მიღწელი შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება დეტალური განხილვის გარეშე, ძალიან სწრაფად გამოეცხადებინა. სამიტის ყველა მონაწილე დაეთანხმა გეგმას, რომელიც უნგრეთისთვის მცირე დათმობებს მოიცავდა.

„მაკრონს არასდროს სურდა ორბანთან დაპირისპირება. ეს არის მიდგომა, რომელიც დღეს შედეგიანი აღმოჩნდა,“ - განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ Politico-ს.


როგორც მედია წერს, ევროკავშირის ლიდერები გამართავენ ყოველწლიურ დებატებს პროგრამის შესახებ და ორი წლის შემდეგ მათ შეუძლიათ, ევროკომისიას მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს გადახედვა შესთავაზონ.