CIA-ს ყოფილ პროგრამისტს, „ვიკილიკსისთვის“ მონაცემების გადაცემის გამო, 40 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ის სასამართლომ 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილ პროგრამისტ ჯოშუა შულტეს, რომელიც ინტერნეტპორტალ „ვიკილიკსისთვის“ კლასიფიცირებული მონაცემების გადაცემისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვაშია ბრალდებული. ამერიკელმა პროკურორებმა 35 წლის შულტისთვის სამუდამო პატიმრობა მოითხოვეს.

მათ პროგრამისტის ქმედებებს „საიდუმლო ინფორმაციის ყველაზე დიდი არაავტორიზებული გამჟღავნება უწოდეს "აშშ-ის ისტორიაში, ხოლო თავად მონაცემების გაჟონვას - „ყველაზე დიდი CIA-ს ისტორიაში."


სასამართლომ შულტე დამნაშავედ ცნო, ჯაშუშობასთან, კომპიუტერულ ჰაკერობასთან, სასამართლოს შეურაცხყოფასთან, FBI-ისთვის ცრუ ჩვენების მიცემასა და ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებულ დანაშაულების ჩადენაში.


2017 წელს „ვიკილიკსმა“ გამოაქვეყნა მასალების სერია იმის შესახებ, თუ როგორ აკონტროლებდა CIA უცხოელ პოლიტიკოსებს, სავარაუდო ექსტრემისტებს და სხვებს მათი კომპიუტერული ქსელებისა და ელექტრონიკის, მათ შორის „ჭკვიანი ტელევიზორების“ გატეხვის საშუალებით.

პროკურორებმა ასევე დაადგინეს, რომ შულტე სექსუალური ძალადობის ამსახველ ათასობით დაშიფრულ სურათსა და ვიდეოს ინახავდა. ისინი აღმოაჩინეს CIA-ს მონაცემთა გაჟონვის გამოძიების დროს.

2010 და 2011 წლებში საინტერნეტო-პორტალმა „ვიკილიკსმა“ ათასობით კლასიფიცირებული სამხედრო და დიპლომატიური შინაარსის დოკუმენტის გამოაქვეყნა, რის გამოც მის დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟს აშშ-ში შესაძლოა, 175 წლამდე პატიმრობა დაემუქროს.