კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულები სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისში, კეკელიძის N1-დან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი (კაკო) ჩიქობავა სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ინფორმაცია ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტმა გურო იმნაძემ მიაწოდა.

გურო იმნაძე აცხადებს, რომ დაკავებულები აღიარებენ აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანების ფაქტს (თუმცა - არა ჯგუფურად) და მზად არიან, აანაზღაურონ ზიანი.


„[სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება] ნამდვილად არის პრობლემური, უსამართლო და ემსგავსება იმას, რომ ეს ღონისძიებები ემსახურება არა მართლმსაჯულების ინტერესებს, არამედ, მკაცრი სადამსჯელო ხელის ჩვენებას," - ამბობს იმნაძე.


რამდენიმე დღის წინ, 30 იანვარს, პროკურორმა როინ ხინთიბაძემ განაცხადა, რომ მზად არიან, მოითხოვონ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, თუ დაკავებულები აღიარებენ წარდგენილ ბრალს და დაფარავენ მანქანის დაზიანებული ნაწილის ხარჯს.

კაკო ჩიქობავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიას ასწავლის; გიორგი ხასაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტია.