ორბანმა განმარტა, რატომ დაეთანხმა ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ განმარტა, ხანგრძლივი წინააღმდეგობის შემდეგ რატომ გადაწყვიტა, საბოლოოდ დათანხმებოდა ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის ახალი, 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის გამოყოფას. უნგრეთის ეროვნულ რადიოსთან ტრადიციულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ უნგრეთს არჩევანის საშუალება არ დაუტოვეს.

თუ შეთანხმება არ მიიღწეოდა და ბუდაპეშტი გააგრძელებდა ვეტოს უფლების გამოყენებას, მაშინ ევროკავშირის დანარჩენი 26 წევრი ქვეყანა დათანხმდებოდა ფულის გაგზავნას უკრაინისათვის. მათ შორის დახმარებაში შევიდოდა თავად უნგრეთისთვის განკუთვნილი თანხები. „რით იქნებოდა ეს უკეთესი?" - აღნიშნა ორბანმა.


მან ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღით არ ამარაგებს, სამაგიეროდ ბუდაპეშტი ბრიუსელის სახსრებს იყენებს და უკრაინის სამოქალაქო საჭიროებების დაფინანსებაში ეხმარება. ორბანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, ხოლო დრო "ახლა რუსეთისთვის მუშაობს."


ორბანის თქმით, ევროკავშირის ახალ პაკეტზე თანხმობით მან თავიდან აიცილა ევროკავშირის სახსრების დაკარგვის რისკი, რომელიც გენერალური ხაზინიდან ბუდაპეშტისთვის იყო გამოყოფილი.

„ყველაფერი გავაკეთე, რისი გაკეთებაც შემეძლო. შემიძლია ვთქვა, რომ ეს შეთანხმება თუ არ შედგებოდა და უნგრეთი გააგრძელებდა ვეტოს გამოყენების უფლებას, 26 ქვეყანა მაინც დათანხმდებოდა უკრაინაში თანხის გაგზავნას, რომელსაც ვერ შევაჩერებდი,“ განაცხადა ორბანმა.


როგორც უნგრეთის პრემიერი ამბობს, ევროკავშირმა და უნგრეთმა შეძლეს გამოსავლის მოძებნა.

„ბოლოს ჩვენ ვნახეთ გამოსავალი და ძალიან კარგი შეთანხმება. ჩვენ არ ვაგზავნით იარაღს უკრაინაში, ვიღებთ ფულს ბრიუსელიდან და შევიტანთ წვლილს უკრაინის სამოქალაქო დაფინანსებაში,“ – ამბობს ორბანი.