ელჩი 9 ნაბიჯის შესრულებაზე: მზად ვართ, წინ წავიწიოთ, რათა საქართველო შემდგომ ეტაპზე წელსვე გადავიდეს

საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის იმედი აქვს, რომ ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოს მომავალ მთავრობასთან ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც წინასთან.

ამის შესხებ ელჩმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.


„რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სამთავრობო ცვლილებას. მესმის, რომ ირაკლი კობახიძე ჯერ მხოლოდ წარადგინეს პრემიერ-მინისტრობის პოსტზე და გადაწყვეტილებას პარლამენტი მომავალ კვირაში მიიღებს. ასე რომ, ველოდებით ოფიციალურ წარდგენას პარლამენტის მიერ.

უკვე განვაცხადე, რომ ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს ყველა მთავრობასთან, ყველა პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვქონდა წინა პრემიერ-მინისტრთან და დროებით მთავრობასთან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალ მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მთავრობასთან იქნება სულ მცირე ისეთივე წარმატებული, როგორც მისი წინამორბედის მთავრობასთან“, - აღნიშნა ელჩმა.


ელჩის შეფასებით, ძალიან იმედის მომცემია ახლად წარდგენილი პრემიერ-მინისტრის პირველი განცხადებები, რომ ახალი მთავრობა მზად არის, იმუშაოს ევროკავშირის დახმარებით, იმისთვის, რომ საქართველომ 9 ნაბიჯის განხორციელების კუთხით წინ წაიწიოს.


პაველ ჰერჩინსიმ აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტის გადასაწყვეტია, რამდენად სწრაფად სურთ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულება.

„ჩვენ ყველა ვზეიმობთ იმას, რომ საქართველო ოფიციალურად გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. გადაწყვეტილება გასული წლის 14 დეკემბერს მიიღეს ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე. ამ პოზიტიურ გადაწყვეტილებასთან ერთად, 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა დაამტკიცეს 9 ნაბიჯი, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის.


საქართველოს პოლიტიკური ელიტის გადასაწყვეტია, რამდენად სწრაფად სურთ ამ 9 ნაბიჯის შესრულება. ჩვენი მხრივ, მზად ვართ, წინ წავიწიოთ, რაც შეიძლება სწრაფად იმისთვის, რომ საქართველო შემდგომ ეტაპზე წელსვე გადავიდეს.


შემდგომი ეტაპი არის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა, მაგრამ ეს საკითხი ჩვენს ხელში არაა - ეს არაა ევროკავშირის, ბრიუსელის ხელში - ეს არის საქართველოს პოლიტიკური ელიტის ხელში. მინდა გავიმეორო, გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება ინკლუზიური მუშაობა, რომელშიც ყველა პოლიტიკური ძალა იქნება ჩართული, რომ, ამავდროულად, ოპოზიცია იქნება კონსტრუქციული, სამოქალაქო საზოგადოება მთლიანად იქნება ჩართული და არჩევნების მიუხედავად და ეს სრულიად ბუნებრივია, რომ არჩევნებისკენ დიდი ყურადღება იქნება მიპყრობილი, პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა 9 ნაბიჯის განხორციელებაზე.

ძალიან იმედის მომცემია ახლად წარდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პირველი განცხადებები, რომ ახალი მთავრობა, რომელიც მომავალი კვირის ბოლოდან გვეყოლება, მზად არის დაჯდეს და იმუშაოს ძალიან ძლიერად ჩვენი დახმარებით, ევროკავშირის დახმარებით იმისთვის, რომ საქართველომ 9 ნაბიჯის განხორციელების კუთხით წინ წაიწიოს,“ - აღნიშნა ელჩმა.