რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის

რას ცვლის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი და რა ხელშესახები სარგებლის მიღება შეუძლია ქვეყანას, ამ საკითხზე Europetime „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა. 

ძირითადი ბენეფიტი

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, უმთავრესია, რომ კანდიდატის სტატუსი არის აუცილებელი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, რომლის შემდეგაც უკვე მოლაპარაკებები იწყება. ეს არის აღიარება იმისა, რომ ქვეყანა მზადაა, ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგეს.


ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობას კიდევ უფრო გაააქტიურებს. 

„კანდიდატის სტატუსის მიღების ძირითადი მიზანი იყო, რომ საქართველო ახალ რეალობაში აღმოჩენილიყო - ჩვენ ვართ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სრულფასოვანი წევრი და მონაწილე. ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება შეიცვლება. ისინი საქართველოსთვის ყველანაირი დახმარების გაწევას შეეცდებიან; უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ ჩვენთან, რათა ქვეყანა ეკონომიკურადაც უფრო სტაბილური გახდეს და პოლიტიკურადაც უფრო მომზადებული იყოს წევრობისთვის,“ ამბობს კახა გოგოლაშვილი


პრაქტიკული ინსტრუმენტები და ეკონომიკური თვალსაზრისი

ექსპერტის განცხადებით, საქართველო მალე მიიღებს დაფინანსების ახალ ინსტრუმენტში მონაწილეობის შესაძლებლობას - ეს არის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არსებული ინსტრუმენტი, რომელშიც უფრო მეტი დაფინანსების შესაძლებლობაა, განსაკუთრებით, სამართლებრივი რეფორმების მიმართულებით.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ პროგრამების დაფინანსებები გაიზრდება. ამასთან, ევროპული ფონდები და ბანკები საქმიანობას გაზრდიან.

„ინფრასტრუქტურულ პროექტებში უკვე მილიარდებს ხარჯავს ევროკავშირი, შენდება გზები, ხიდები, გვირაბები; დაფინანსების საშუალებები, შეღავათიანი კრედიტები, გრანტები გაიზრდება,“ აღნიშნავს გოგოლაშვილი.


ექსპერტის შეფასებით, ხელი შეეწყობა ქვეყნის წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით.

  • გარდა ამისა, “კანდიდატის სტატუსი ქმნის სტაბილური ქვეყნის იმიჯს, ეს სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ ეს არის ევროკავშირის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ქვეყანა. ეკონომიკური თვალსაზრისით, ბევრად უკეთესი საერთაშორისო პოზიციაა ქვეყნისთვის,“ - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. 

ქვეყნის პოლიტიკური პოზიციები

ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ კანდიდატი სახელმწიფოს მიმართ ყურადღება ყველგან იზრდება.

  • „დღესაც შეგვიძლია, შევამჩნიოთ, როგორ შეიცვლება რეგიონში ჩვენ მიმართ დამოკიდებულება. სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე იგრძნობენ, რომ საქართველო უკვე არის რაღაც დიდი, მძლავრი გაერთიანების ნაწილი  და მათი მხრიდან ჩვენ მიმართ ინტერესი და დამოკიდებულება კიდევ უფრო შეიცვლება,“ - აღნინავს ანალიტიკოსი.

სიგნალი საერთაშორისო აქტორებისთვის; ქვეყნის უსაფრთხოება

ანალიტიკოსის შეფასებით, საერთაშორისო აქტორებისთვის სიგნალია, რომ ქვეყანას ევროკავშირისგან ბევრად უფრო ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს.

„კანდიდატი სახელმწიფოს მიმართ აგრესია, დექტრუქციული ქმედებები მარტივად განხორციელებადი არ იქნება ქვეყნებისთვის, რომლებსაც საქართველოს მიმართ მტრული ზრახვები აქვთ. რუსეთისთვის ეს არის ძლიერი გზავნილი რომ: „ეს ქვეყანა არის სრულიად ლეგიტიმურად ჩემი გავლენის სფეროში, რადგანაც ის მომავალი წევრია,“ ამიტომ, კანდიდატ ქვეყანას, მათ შორის, მის ტერიტორიულ მთლიანობას მეტი პატივისცემით უნდა მოეპყრან. 


ეს გზავნილი ასევე მიუვათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს და მათზეც ექნება გარკვეული გავლენა. რა თქმა უნდა, იქ პროპაგანდა მუშაობს, მაგრამ სხვა ცნობებიც აღწევს მათთან - ის, რომ საქართველო ახლოს არის ევროკავშირში გაწევრიანებასთან, რა თქმა უნდა, მათ განწყობებზეც იმოქმედებს,“ - განუცხადა Europetime-ს კახა გოგოლაშვილმა.