არასამთავრობოები ნატა ფერაძის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები სააპელაციო სასამართლოს მოუწოდებენ, გადახედოს აქტივისტ ნატა ფერაძის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას.  გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატა ფერაძის მიმართ გამოყენებული სანქცია სამართალდარღვევად შეფასებული ფაქტის პროპორციულად ვერ ჩაითვლება.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, პატიმრობა გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. სამების საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულების განთავსების გამო არაძალადობრივი პროსტესტის გამოხატვის ამგვარი სიმძიმისა და ხანგრძლივობის სახდელით დასჯა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პროპორციულობის სტანდარტებს არღვევს.


საგულისხმოა, რომ ნატა ფერაძის უკანონო დასჯა ერთხელ უკვე გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობის საგანი, როდესაც აქტივისტების მიმართ გამოყენებული სანქცია სასამართლომ არათანაზომიერად შეაფასა. შესაბამისად, მოვუწოდებთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს მოქმედი საერთაშორისო კანონმდებლობით და მიიღოს ადამიანის უფლებების შესაბამისი გადაწყვეტილება," - წერია განცხადებაში.


განცხადებას ხელს აწერენ:
ადამიანის უფლებათა ცენტრი
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
დემოკრატიის მცველები
თბილისი პრაიდი
მწვანე ალტერნატივა
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
საქართველოს სასამართლოს გუშაგი
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი


აქტივისტ ნატა ფერაძისთვის 5-დღიანი პატიმრობის შეფარდება არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ეს ორგანიზაცია სასამართლოში ფერაძის უფლებებს იცავს.