საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას ფეთქებადსაშიში უწოდა.
მას შემდეგ, რაც აშშ-მ სირიასა და ერაყში ირანთან დაკავშირებულ ჯგუფებს დაარტყა, ბორელმა ყველა მხარეს მოუწოდა, თავიდან აიცილოს შემდგომი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში.
„ყველა უნდა ეცადოს, რომ ვითარება ფეთქებადი არ გახდეს. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ ესკალაციის თავიდან აცილება სცადოს,“ - განაცხადა ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
ბორელს აშშ-ის დარტყმები პირდაპირ არ უხსენებია, მაგრამ გაიმეორა გაფრთხილება, რომ ახლო აღმოსავლეთი "არის „ქვაბი“, რომელიც შეიძლება, აფეთქდეს."
მან მიუთითა ღაზის სექტორში ომზე, ძალადობაზე ლიბანის საზღვრის გასწვრივ, დაბომბვებზე ერაყსა და სირიაში და თავდასხმებზე წითელ ზღვაში.