აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მის მიერ გაცემული ბრძანების მიხედვით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე საჰაერო იერიშები განახორციელა.
როგორც СNN წერს, საჰაერო დარტყმები 30 წუთის განმავლობაში გაგრძელდა და თეთრი სახლის განცხადებით, საპასუხო იერიში წარმატებული იყო.
„ჩვენ მიერ პასუხის გაცემა დღეს დაიწყო. ის იმ დროსა და იმ ადგილას გაგრძელდება, რომელსაც ჩვენ ავირჩევთ,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ს კონფლიქტის დაწყება არც ახლო აღმოსავლეთში და არც მსოფლიოს სხვა ნაწილში სურს, მაგრამ ამერიკელებზე განხორციელებული თავდასხმები უპასუხოდ არ დარჩება.
„გასულ კვირას, იორდანიაში ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების მიერ გაშვებული დრონის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. დღეს დოვერის საჰაერო ძალების ბაზაზე ამ მამაცი ამერიკელების ღირსეულ დაბრუნებას დავესწარი და თითოეული მათგანის ოჯახს ვესაუბრე,“ - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის თქმით, სირიასა და ერაყში ავიაიერიშები 85 სამიზნე ობიექტზე განხორციელდა. მათ შორის, სამეთაურო, საკონტროლო და სადაზვერვო ცენტრებზე. ასევე, იარაღის საწყობებზე. თავის მხრივ, თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ თავდასხმები „აშშ-ის პასუხის დასაწყისია."
28 იანვარს ახლო აღმოსავლეთში, ამერიკულ ბაზაზე დრონის თავდასხმის შედეგად, სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავდასხმაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები დაადანაშაულა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვაგროვებთ ამ თავდასხმის ფაქტებს, ჩვენ ვიცით, რომ ის განხორციელდა სირიასა და ერაყში მოქმედი იმ რადიკალური ჯგუფების მიერ, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ირანმა მომხდართან კავშირი უარყო.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით კი, არავის უნდა შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ შეერთებული შტატები დამნაშავეებს პასუხს აგებინებს "მაშინ და ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის."
CBS პირველ თებერვალს წერდა, რომ აშშ-მა სირიასა და ერაყში მდებარე ირანული პერსონალისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საავიაციო დარტყმების გეგმები დაამტკიცა.