დრონებით შეტევის ფონზე, რუსეთში, ვოლგოგრადის უდიდეს ნავთობქარხანაში ხანძარი იყო

რუსეთში, ვოლგოგრადის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძარი უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დრონების წარმატებული თავდასხმის შედეგია. ამის შესახებ Ukrinform-ს სამართალდამცავ ორგანოებში წყაროებმა განუცხადეს.

წყაროების ცნობით, ორი დრონის იერიშის შემდეგ ქარხანა წარმოების სიმძლავრის მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავს.


„რუსეთის მიერ ომის საწარმოებლად გამოყენებული ინფრასტრუქტურის სისტემატურ განადგურებას ვაგრძელებთ. ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმით, ჩვენ არა მხოლოდ ვწყვეტთ საწვავის მომარაგების ლოგისტიკას მტრის აღჭურვილობისთვის, არამედ, ვამცირებთ რუსეთის ბიუჯეტის შევსებას, - განაცხადა წყარომ.


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წუხელ რუსეთის საჰაერო დაცვის ძალებმა გაანადგურეს შვიდი დრონი, რომლებმაც რუსეთის სამ ოლქზე მიიტანეს იერიში. როგორც აცხადებენ, ოთხი დრონი ჩამოაგდეს ბელგოროდის ოლქის, ორი - ვოლგოგრადის ოლქისა და ერთი - როსტოვის ოლქის თავზე. ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის თქმით, ჩამოგდებული დრონის გამო აალება მოხდა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონულ უწყებაში განაცხადეს, რომ ქარხანაში ცეცხლი გაუჩნდა დაღვრილ ნავთობს 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე. რამდენიმე საათის შემდეგ ხანძარი ჩააქრეს.