სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა განაცხადა, რომ იარაღის შეძენის პროცესში სომხეთმა ახალი პარტნიორები შეიძინა.
მისი თქმით, 2022 წლის სექტემბრის მოვლენების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ბაზრები, შესაძლებლობები იხურებოდა და სომხეთის შეიარაღებული ძალები ვერ გაჩერდებოდნენ, რის გამოც საჭირო გახდა იარაღის შესყიდვის დივერსიფიკაციის უზრუნველყოფა. სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ერევანს არცერთი ქვეყნის მიმართ ტერიტორიული პრეტენზია არ აქვს. სომხეთის შეიარაღებული ძალების მიზანი და მისიაა სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა.
„ამ მიმართულებით სერიოზულ წარმატებებს მივაღწიეთ. ეს პროცესი შეუქცევადია ამ სიტყვის პოზიტიური გაგებით. მომავალში მიმდინარე პროცესები და კონტრაქტები მნიშვნელოვნად შეცვლის ჩვენი არმიის შეიარაღების ხარისხს. ახალი ტიპის იარაღის შეძენა ასევე გულისხმობს მომზადებას, ენების ცოდნას, ადაპტაციას და ჩვენი ჯარი მიდის ამ გზაზე. ეს ძალიან რთულია, მაგრამ მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა სურენ პაპიკიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ერევანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ახალ პარტნიორებს ეძებს, რადგან არ შეუძლია, ეს თანამშრომლობა მხოლოდ რუსეთთან განახორციელეს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.
შეგახსენებთ, გასული წლის 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა.