იმერეთის გუბერნატორი ადასტურებს, რომ მეწყერში მამა და მისი 3 შვილია მოყოლილი - ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ჩამოშლილია რამდენიმე მილიონი კუბური მეტრი მიწის მასა, რის გამოც გზა 200 მეტრის სიგრძეზეა გადაკეტილი.
გარდა ამისა, აღნიშნა, რომ სტიქიის ზონაში დილიდანვე მუშაობდნენ გეოლოგები.
„აცხადებენ, რომ წარმოუდგენელი იყოს რაიმეს პროგნოზირება ამ ტერიტორიაზე. ეს იყო ნამდვილად უბედური შემთხვევა, გამოწვეული იმ ძალიან დიდი ნალექით, რომელიც ამ 2 დღეში მოვიდა იმერეთში, განსაკუთრებით ბაღდათში. ბაღდათი და ვანია ის ორი მუნიციპალიტეტი, სადაც ყველაზე მეტი ნალექი მოვიდა, ამან გამოიწვია სტიქიური მოვლენები, რომელიც გუშინ განვითარდა,“ - აღნიშნა შალამბერიძემ.
მისივე თქმით, ადგილზე კვლავ მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.
„ძალიან დიდი მასაა, რამდენიმე მილიონი კუბური მეტრია ჩამოსული. 200 მეტრის სიგრძეზეა გზა გადაკეტილი,“ - აღნიშნა შალამბერიძემ „პალიტრანიუსის„ ეთერში.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. სტიქიის ზონაში ოთხი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, ამასთან, მიმდინარეობს 5 პირის ძებნა-შველის სამუშაო.