ზელენსკი განმარტავს, რა ვითარება უკრაინის ფრონტზე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ფრონტზე ვითარება ჩიხში შევიდა და ამის მიზეზი სამხედრო ტექნიკის მიწოდების შეფერხებაა. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად თანამედროვე საშუალებები სჭირდება. „რაც შეეხება ხმელეთზე ომს, აქ ჩიხური მდგომარეობაა, ეს ფაქტია, რადგან იყო ტექნიკის შეფერხება და შეფერხებები ნიშნავს შეცდომებს. ჩვენ ვიბრძვით ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებსაც ჰყავთ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი არმია, საბრძოლო მასალა საკმარისი არ არის, გვჭირდება თანამედროვე ტექნიკური საშუალებები,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Rai1-თან ინტერვიუში.


უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამხედრო-საზღვაო ოპერაციამ დადებითი შედეგები მოიტანა. „რუსეთმა დაკარგა მრავალი ხომალდი, შავ ზღვაში კი, ჩვენ მოვახერხეთ მარცვლეულის დერეფნის შექმნა, ამიტომ ოპერაციის ეს პრაგმატული ნაწილი, რომელსაც ეკონომიკაზე ზეგავლენა აქვს, დადებითად განხორციელდა,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის არმიას არ შეუძლია მნიშვნელოვანი წინსვლის მიღწევა და ის შეჩერებულია. „ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავარი არის ის, რომ ჩვენ შევძელით ჩვენი სახელმწიფოს დაცვა. ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 26% ჯერ კიდევ ოკუპირებულია, მაგრამ ვხედავთ, რომ რუსეთის არმია მნიშვნელოვან პროგრესს ვერ აღწევს. ჩვენ ისინი შევაჩერეთ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.