ირაკლი კობახიძე: ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება

„ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება,“ შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, წელს შეირჩევა კერძო კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება დაგეგმილ სამუშაოს.

„რაც შეეხება პორტებს, განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იქნება ანაკლიის პროექტის სათანადოდ დაწყება, განხორციელება. სამუშაოები უკვე დაწყებულია, წელს შეირჩევა კერძო კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება ამ სამუშაოებს. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო გეგმავს მრავალმილიონიანი ინვესტიციის ჩადებას ამ პროექტში. ყველაფერი განხორციელდება გეგმის შესაბამისად.


ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ამასთან ერთად, სხვა პორტების განვითარებასაც, რესურსების გაძლიერებასაც მიექცევა სათანადო ყურადღება. განსაკუთრებით ეს ეხება ფოთის პორტის განვითარებას, რესურსების გაძლიერებას. ასევე გაგრძელდება აქტიური მუშაობა შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.