აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში განაცხადეს, რომ აშშ-ის დარტყმის შედეგად ერაყის დედაქალაქ ბაღდადში „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაური მოკლეს, რომელიც პასუხისმგებელი იყო რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმებზე.
საპასუხოდ, ერაყმა გააფრთხილა აშშ ბაღდადში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის გამო, რომლის დროსაც „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაური დაიღუპა.
ერაყის ერთობლივი ოპერაციების სარდლობამ თავდასხმას „აშშ-ის ახალი აგრესია“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ერაყსა და აშშ-ს შორის ყველა სახის ურთიერთგაგებას ძირს უთხრის.
ერაყის ერთობლივი ოპერაციების სარდლობის სპიკერმა, თაჰსინ ალ ხაფაჯიმ აღნიშნა, რომ ეს ერაყის სუვერენიტეტის დარღვევაა.
აშშ-სა და ერაყის ოფიციალური პირების თქმით, თავდასხმა ბაღდადში უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ ყოფილა.