პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ დეპუტატების წინაშე სამთავრობო პროგრამა წარადგინა.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას ალტერნატივა არ აქვს. მისი თქმით, აფხაზებთან და ოსებთან ომი გამოუსწორებელი დანაშაული იქნებოდა.
„ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი უცხოელი მეგობრების მოწოდებები აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის გზით დაბრუნების შესახებ. მინდა შეგახსენოთ, რომ ამგვარი სცენარის პირობებში ჩვენ მოგვიწევდა ომი არა მხოლოდ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთანაც. ეს იქნებოდა გამოუსწორებელი დანაშაული ისტორიისა და მომავალი თაობების წინაშე.
ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა არასოდეს უნდა ესროლონ ერთმანეთს. ამ დანაშაულს ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას ალტერნატივა არ აქვს," - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.
დღეს, 8 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს დაპირისპირების ფონზე განიხილავდნენ.
სიტყვიერი დაპირისპირება პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც ირაკლი კობახიძეს მიმართა და მას „გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი და თავმჯდომარეობის სავარძელში ჩამსმელი“ უწოდა. მას „ხალხის ძალის“ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ლილუაშვილს 20 ივნისის აქციის დარბევა გაახსენა, როდესაც პრემიერის პოსტს გიორგი გახარია იკავებდა.
პარლამენტი 8 თებერვალს უყრის კენჭს მთავრობის შემადგენლობას.