გერმანიამ ევროკავშირის მისიის მხარდასაჭერად წითელ ზღვაში ფრეგატი გაგზავნა. გერმანული ფრეგატი „ჰესე“ ევროკავშირის მისიას შეუერთდება, რომელიც მიმდინარე თვის ბოლომდე დაიწყება და წითელ ზღვაში საერთაშორისო გემების „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან დაცვას ისახავს მიზნად.
„თავისუფალი საზღვაო სავაჭრო მარშრუტები ჩვენი ინდუსტრიისა და თავდაცვის საფუძველია. წითელ ზღვაში არსებულმა ვითარებამ მიწოდების შეფერხება გამოიწვია და ზოგიერთი კომპანია აიძულა, რომ წარმოება შეეწყვიტა,“ - განაცხადა გერმანიის საზღვაო ძალების უფროსმა ვიცე-ადმირალმა, იან კრისტიან კააკმა.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში აშშ-მა წითელ ზღვაში მოძრავი კომერციული გემების „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან დასაცავად საზღვაო მისია შექმნა. 12 იანვრის შემდეგ კი აშშ და დიდი ბრიტანეთი იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე საჰაერო იერიშებს ახორციელებენ.