მოსკოვში „სამუშაო ვიზიტის ფარგლებში“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერის პრესცენტრის ინფორმაციით ბჟანიამ და ლავროვმა „აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების განვითარება“ განიხილეს.
„ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დიპლომატის დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა "რუსული სახელმწიფოს საკეთილდღეოდ" საქმიანობაში,“ ნათქვამია განცხადებაში.
ბჟანია ასევე შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დმიტრი კოზაკს. შეხვედრაში რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკიც მონაწილეობდა.
გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველ მოადგილეს რაშიდ ნურგალიევთან, ეკონომიკური განვითარების მინისტრთან მაქსიმ რეშეტნიკოვთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ელა პამფილოვასთან და ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელთან დანილ ეგოროვთან.
„შეხვედრებზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სოციალურ-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ სფეროში და რიგი სხვა საკითხები, რაზეც მიმდინარეობს სისტემატური ორმხრივი მუშაობა,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში გუშინ, 7 თებერვალს შეიტანა - „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის კანონის ანალოგიური კანონპროექტი „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი პირების შესახებ.“