ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტში, ე.წ. პრეზიდენტმა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი შეიტანა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი „არაკომერციული ორგანიზაციების და ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც ასრულებენ უცხოეთის აგენტის ფუნქციას“.

„კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს აფხაზეთის რესპუბლიკის ინტერესების დაცვას და უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, მოქალაქეთა უფლებებს და თავისუფლებებს, ასევე აფხაზეთის სახელმწიფოს და საზოგადოების პოლიტიკურ საქმიანობაში უცხოეთის ჩარევის მიმართ გადაუდებელი რეაქციას,“ - ნათქვამი განმარტების დოკუმენტში.


კანონპროექტის თანახმად, უცხოეთის აგენტად შეიძლება, აღიარონ როგორც არაკომერციული ორგანიზაციები, ასევე, ფიზიკური პირები.

თუ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ფიზიკური პირი ან რომელიმე ორგანიზაცია დაფინანსებას მიიღებს იმ სახელმწიფოებისგან (რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ, სირია), რომლებმაც ეს რეგიონი დამოუკიდებლად ცნეს, ან იმ იურიდიული და ფიზიკური პირებისგან, რომლებიც ამ სახელმწიფოებში არიან რეგისტრირებული, მაშინ ეს არ იქნება იმის საფუძველი, რომ შესაბამისი პირი „უცხოეთის აგენტად“ იქნეს შერაცხილი.

პირები, რომლებიც დაარღვევენ ამ კანონს და არ განაცხადებენ შესაბამის რეესტრში თავისი „უცხოეთის აგენტად“ შეტანის შესახებ, პასუხისგებაში იქნებიან მიცემული შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად და დაისჯებიან დადგენილი წესით.