თბილისის საქალაქო სასამართლომ, მწერალი და სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩიდან ოჯახის გამოსახლების დროს დააკავეს, 2000 ლარით დააჯარიმა.
კაკაბაძე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას ეწინააღმდეგებოდა. ის დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს.
სასამართლომ ირაკლი კაკაბაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლით. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სასამართლო პროცესიდან იუწყება, კაკაბაძის მიმართ 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლით დაწყებული სამართალწარმოება შეწყდა.