უკრაინა რუსეთის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმას ადასტურებს - მედია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ მათი სპეცოპერაციის შედეგად განადგურებულია ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი, რომელსაც წელიწადში 3,6 მილიონი ტონა საწვავის გადამუშავება შეეძლო და მისი ღირებულება 50 მილიონი დოლარია.

გამოცემის წყაროს თანახმად, დღეს დრონით დაარტყეს კრასნოდარის მხარის დაბა აფიპსკის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასაც, თუმცა, შედეგები ჯერ დაზუსტებული არ არის.


კრასნოდარის მხარის ხელისუფლების განცხადებით, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი 8 თებერვალს, 02:00 საათისთვის გაჩნდა. დილით, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერდა, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია და მისი გამომწვევი მიზეზები დადგენის ეტაპზეა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით კი, მსგავსი ქარხნები კანონიერი სამიზნეა, რადგან ისინი საწვავით ამარაგებენ რუსულ არმიას.