ბაიდენმა და შოლცმა აშშ-ის კონგრესს უკრაინის დახმარების სწრაფად დამტკიცებისკენ მოუწოდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თეთრ სახლში მიიღო, სადაც ორმა ლიდერმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილა. ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს შოლცმა განაცხადა, რომ გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა „უნდა ითამაშონ როლი“ გლობალური მშვიდობის შენარჩუნებაში.


თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესი კვლავ გააკრიტიკა მის მიერ წარდგენილი პაკეტის გარშემო შეთანხმების ვერმიღწევის გამო, რომელიც ასევე მოიცავს უკრაინის დახმარებას. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს კიევისთვის გერმანიის სამხედრო დახმარების ხელმძღვანელობისთვის.


შოლცმა იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი უკრაინის დახმარების პაკეტს მხარს დაუჭერს. მისი თქმით, ხუთშაბათს საღამოს ამერიკელ სენატორებთან შეხვედრამ დაარწმუნა ის, რომ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტებს აშშ-ის კონგრესში, ესმით უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობა.


„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კონგრესი, წარმომადგენელთა პალატა, თქვენ მოგისმენთ და საჭირო მხარდაჭერით უზრუნველყოფის გადაწყვეტილებას მიიღებს,“ - განუცხადა ოლაფ შოლცმა ჯო ბაიდენს.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში უკრაინის დახმარების საკითხში გერმანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

„ახლა, როგორც დანარჩენ ევროპაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში იგივე უნდა მოხდეს,“ - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.


გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა ახსენა ინტერვიუ ვლადიმერ პუტინთან და მას "სასაცილო" უწოდა. ამასთან დაკავშირებით შოლცმა აღნიშნა, რომ პუტინი ყოველთვის ბევრს იტყუება ამ ომის ისტორიაზე და რეალურად ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის წართმევას მეზობელი ქვეყნებისთვის. ამიტომ, შოლცი თვლის, რომ „აუცილებელია, რომ ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინას და მიეცეს მას საშუალება, დაიცვას საკუთარი თავი.“


„ეს ინტერვიუ "მხოლოდ დაცინვაა რეალური ქმედებებისა, რომლებიც რუსეთმა უკრაინაში განახორციელა, და ავრცელებს სრულიად აბსურდულ ამბავს ამ ომის მიზეზების შესახებ. ომის "ძალიან მკაფიო მიზეზი" იყო კრემლის ლიდერის სურვილი, მოეხდინა უკრაინის ნაწილის ანექსია. ყველა სხვა ამბავი, რომელსაც ამაზე ჰყვებიან, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ სწორედ ეს იყო მისი იმპერიალისტური ძალისხმევის მიზანი," - ამბობს გერმანიის კანცლერი.