პუტინი ძველ ტყუილებს იმერეობს, ახალი ვერაფერი ვნახეთ - ევროკომისია

ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახალი არაფერი თქვა, მაგრამ მხოლოდ ძველი ტყუილი გაიმეორა უკრაინის, დასავლეთის, და უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის შესახებ. ამის შესახებ დღეს ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის პრესსპიკერმა ნაბილა მასრალიმ განაცხადა.


„ჩვენ ვერაფერი ვნახეთ ახალი. მან [პუტინმა] გაიმეორა ძველი ტყუილი და მანიპულაციები, გამოხატა დიდი მტრობა დასავლეთის მიმართ და ეს ახალი არ არის. ჩვენ ვწუხვართ, რომ პუტინს, დე ფაქტო, მსგავსი პლატფორმა მიეცა მანიპულირებისთვის და ავრცელებს მის პროპაგანდას,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.


მან აღნიშნა, რომ პუტინმა კიდევ ერთხელ გაავრცელა თავისი ცნობილი ტყუილი უკრაინის შესახებ, რომლითაც ცდილობს, გაამართლოს თავისი კრიმინალური და არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ, მშვიდობიანი მეზობლის წინააღმდეგ. თუმცა ეს ტყუილი სახიფათო რჩება, რადგან მან უკვე გამოიწვია უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა, გამოიწვია რუსეთის მიერ უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულები და სისასტიკე.


„პუტინმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არ აინტერესებს მშვიდობისკენ რეალური და მნიშვნელოვანი ნაბიჯები, სამაგიეროდ განაცხადა, რომ რუსეთი ბოლომდე იბრძვის თავისი ინტერესებისთვის. თუ პუტინს ნამდვილად სურს ბრძოლა რუსი ხალხისა და მისი ქვეყნის ინტერესებისთვის, მან დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და უპასუხოს უზარმაზარ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც რუსული საზოგადოება ყოველდღიურად დგას,“ - აღნიშნა ნაბილა მასრალიმ.


მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ გავრცელებული სიცრუის დეტალური ანალიზი მალე განთავსდება ევროპულ რესურს EU&Disinfo-ზე, რომელიც უკვე შეიცავს კრემლის დეზინფორმაციის 60 ათასზე მეტი შემთხვევის აღწერას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი აძლიერებს დიპლომატიურ ძალისხმევას და კონტაქტშია ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა აგრესორი მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს და შეამსუბუქოს მისი აგრესიის გლობალური შედეგები.


„ევროკავშირის ახლახან დაამტკიცა უკრაინის დახმარების პაკეტი 50 მილიარდი ევროს ოდენობით. და ეს პაკეტი ახლა განიხილება ევროკავშირის საბიუჯეტო ინსტიტუტების მიერ. ომის დაწყებიდან ევროკავშირმა უკრაინას დაახლოებით 88 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარება გაუწია,“ - დასძინა ნაბილა მასრალიმ.