ხაშურში, სოფელ ტაშისკართან, ფერდობიდან ღელეს მიმართულებით, მიწის მასა და ხეები ჩამოიშალა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკართან მეწყრული პროცესები განვითარდა, მთის ფერდობიდან მიწის მასა ჩამოიშალა და მდინარეში ჩადიოდა, რაც წყლის დაგუბების და დატბორვის საფრთხეს ქმნიდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ადგილზე მუშაობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის, ეროვნული სატყეო სააგენტოს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები.

„ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკართან, მთის ფერდობიდან ღელეს მიმართულებით, ჩამოიშალა მიწის მასა და ხეები. მეწყრული პროცესების მძიმე შედეგების განვითარების პრევენციის მიზნით, ყველა შესაბამისი აღჭურვილობითა და სპეც-ტექნიკით, ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტების ჯგუფები.


ასევე, ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები. პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, ყველა შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით კოორდინირებულად მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები,“ წერს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.


ხაშურის მუნიციპალიტეტში მუშაობენ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. მათ მოინახულეს მეწყერსაშიში ადგილები, ის ფერდობი, საიდანაც მიწის მასა წამოვიდა. ახლა მათ დასკვნაზეა დამოკიდებული, მოახერხებენ თუ არა ადგილობრივი მცხოვრებლები სახლებში დაბრუნებას.

6 თებერვალს დიდთოვლობის შედეგად ზვავი და მეწყერი ჩამოწვა მაღალმთიან აჭარაში. ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში დაიღუპა ორი ადამიანი. სტიქიური მოვლენების დროს ხულოს მუნიციპალიტეტში 70-ზე მეტი ახალი მეწყერი განვითარდა. ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებიდან 130-მდე ოჯახი გაასახლეს.

7 თებერვალს, გამთენიისას, მეწყერი ჩამოწვა იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში. მიწის მასაში ოთხი სახლი მოყვა, დაიღუპა 9 ადამიანი.