აშშ და საქართველო მზად არიან, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერონ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა რობინ დანიგანს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.


„მინისტრმა აშშ-ის მხარეს საქართველოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით განხორციელებულ ნაბიჯებსა და საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობაზე. აღინიშნა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი. შეხვედრაზე NATO-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო დაესწრო,“ წერს თავდაცვის უწყება.


რობინ დანიგანი აცხადებს, რომ აშშ-ს საქართელოსთან მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა, არაჩვეულებრივი ურთიერთობა ამ მთავრობასთან, ოპოზიციასთან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და ასევე გვაქვს ხალხთაშორის კავშირი. ჩემი პირველი პრიორიტეტია, რომ გავაღრმაო ეს სტრატეგიული ურთიერთობა - ეს არის პრეზიდენტ ბაიდენის და ბლინკენის პრიორიტეტი. მე ვიმუშავებ ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში. 

რაც შეეხება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას - უნდა გვახსოვდეს, რომ აშშ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია საქართელოსი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დახმარების სახით 6 მილიარდი დოლარი გამოუყო. ჩვენ ავაშენეთ, საავადმყოფოები, სკოლები, ჩავატარეთ ტრენინგები ექიმებთან, მასწავლებლებთან, დავეხმარეთ ეკონომიკის გაძლიერებაში ქვეყანას.

აშშ-ს ნამდვილად სურს, რომ საქართელო იყოს ძლიერი და წარმატებული, ასევე, ძლიერი წევრი დასავლურ სამყაროში," - განაცხადა ელჩმა დანიგანმა.