Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ აშშ-ის თავდაცვის ატაშესთან

Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშესთან საქართველოში, პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოსთან.

  • შუა დერეფნის განვითარებაზე ბევრს საუბრობენ, აშშ აბსოლუტურად მხარს უჭერს ამ იდეას ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ერთად
  • ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს თავდაცვას, შეკავებას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
  • როდესაც კონფლიქტი გაქვს ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს შავ ზღვასაც, კოორდინირებული სტრატეგია უკიდურესად მნიშვნელოვანია
  • გვჯერა, რომ გვაქვს საერთო ინტერესები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა, ვაჭრობა შავ ზღვაში, საიდანაც საქართველოს ბევრი სარგებლის მიღება შეუძლია
  • რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების მიუხედავად, გარკვეულწილად, შედარებით სტაბილურობაა, ამისთვის თანამშრომლობს აშშ საქართველოსთან
  • ჩვენი პარტნიორობა გულისხმობს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც შემაკავებელი ფაქტორია ნებისმიერი აგრესორი სახელმწიფოსთვის
  • მოუთმენლად ველით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება


ET: აშშ-საქართველოს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობისა და იმ უზარმაზარი დახმარების გათვალისწინებით, რომელსაც ქვეყანა იღებს სტრატეგიული პარტნიორისგან, როგორ აფასებთ იმ შედეგებს, რომლებსაც ქვეყანამ შეერთებული შტატების დახმარების საფუძველზე მიაღწია და რა გამოწვევას ხედავთ საქართველოს მიერ ამ დახმარების ათვისების თვალსაზრისით? 

ჯოზეფ ბილბო: საბედნიეროდ, 2009 წელს მქონდა შესაძლებლობა, პირველად ვწვეოდი საქართველოს და მას შემდეგ, არაერთხელ დავბრუნდი თქვენს ქვეყანაში. ამ პერიოდის განმავლობაში, ყოველ ჯერზე ვხედავდი განვითარებას, იქნებოდა ეს თბილისსა თუ ბათუმში ვაჭრობისა და პროდუქტების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.

ქართველმა ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ სამუშაოს შედეგად, ბევრს მიაღწიეს. თავის მხრივ, შეერთებული შტატები უწევს დიდ დახმარებას საქართველოს. 30-ზე მეტი ოფისი და სააგენტოა წარმოდგენილი აქ, საელჩოში, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს. მაგრამ ძირითადი ჰუმანიტარული სახის დახმარება, რომლითაც საქართველო სარგებლობდა, ახლა აღარ ითვლება ქართველი ხალხის საჭიროების ნაწილად, რადგან საქართველო დროთა განმავლობაში განვითარდა.

ვფიქრობ, ერთ-ერთი რამ, რითაც ქართველმა ხალხმა უნდა იამაყოს, ის დახმარებაა, რომელსაც ისინი ახლა ჩვენი პარტნიორობის (აშშ-საქართველოს, რედ.) ფარგლებში იღებენ, რომლის მეშვეობითაც, ჩვენ ერთად ვმუშაობთ უფრო ძლიერი ბაზრების შესაქმნელად, უკეთეს, ახალ ბაზრებზე წვდომის მიზნით და უფრო ძლიერი დემოკრატიული პრინციპების ჩამოსაყალიბებლად, როგორიცაა, კანონის უზენაესობა, რასაც თავის მხრივ, უფრო დიდი ეკონომიკურ განვითარება მოაქვს.

ET: როდესაც გამოწვევებზე ვსაუბრობდით, ფიქრობთ, რომ თქვენ მიერ ნახსენები -კანონის უზენაესობა ერთ-ერთი საკვანძო საკითხია?

ჯოზეფ ბილბო: ვფიქრობ, კანონის უზენაესობა გამოწვევაა ბევრ ქვეყანაში. კანონის უზენაესობა გამოწვევაა, რადგან ის სირთულეებთან არის დაკავშირებული და მუდმივ შრომას მოითხოვს. ჩვენ ვიცით, რომ შეერთებულ შტატებშიც არის გამოწვევები, თუმცა ცხადია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქ სწორედ სასამართლოებს ენიჭებათ.

ET: რომ დავუბრუნდეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს. აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (GDDEI). უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და შესაძლო საფრთხეების გათვალისწინებით, ხომ არ დაკორექტირდა, ან დაჩქარდა ამ ინიციატივის ფარგლებში მოქმედი რიგი პროგრამები?

ჯოზეფ ბილბო: მოგეხსენებათ, თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივამ (GDDEI), წინა პროგრამა, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) ჩაანაცვლა. ეს საქართველოს თავდაცვის ძალებთან პარტნიორობის უწყვეტ განვითარებას ცხადყოფს. პროგრამა ფოკუსირებულია ორ ასპექტზე: ბევრი ინსტიტუციური ცვლილება სამინისტროს დონეზე, რეგულაციები და პოლიტიკა; და შემდეგ, თავდაცვის ძალებთან ჩართულობა, საქართველოს თავდაცვის ძალებსა და საზოგადოებაში მედეგობის, მდგრადობის ამაღლების მიზნით. სამწუხაროდ, ვხედავთ უკრაინაში არსებულ ვითარებას და მისი გაანალიზებისას, ჩანს, რომ ეს ეროვნული თავდაცვის გეგმის ძალიან აქტუალურ ასპექტად რჩება.

ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც უფრო სწრაფად განვითარდა, რადგან GDDEI-ს ფარგლებში მიმდინარე ამოცანების შესრულება ისედაც საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობდა. ხსენებული ინიციატივის ფარგლებში ჩამოყალიბებული პრინციპების დამკვიდრება საქართველოში, მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, საკმაოდ შთამბეჭდავია და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

ET: ყველა თანხმდება, რომ იშვიათად ყოფილა რეგიონული სტაბილურობა უფრო დიდი საფრთხის ქვეშ და იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ახლა. უნდა განიხილებოდეს თუ არა უკრაინის საკითხი უფრო ფართოდ, რუსეთის ამბიციების განხორციელების კონტექსტში, გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, მათ შორის საქართველოში, და როგორ ხედავთ ამ გადმოსახედიდან აშშ-ის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის როლს?

ჯოზეფ ბილბო: ვფიქრობ, საქართველო ძალიან რთულ სამეზობლოში მდებარეობს, სადაც არცთუ უჩვეულო და იშვიათია არასტაბილურობის განცდა. არ მგონია, ძალიან უკან, შორს დაბრუნება იყოს საჭირო, ფაქტობრივად, ოთხმოცდაათიან წლებში, მრავლად იყო ომი საქართველოში და ყარაბაღის ომი კი - აქედან სამხრეთით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, გარკვეულწილად, შედარებით სტაბილურობაა. 

დიდწილად, ეს შეკავების შესაძლებლობის განვითარების დამსახურებაა. ეს არის ის, რისთვისაც შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობს, ეს პარტნიორობა გულისხმობს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც შემაკავებელი ფაქტორია ნებისმიერი აგრესორი სახელმწიფოსთვის.

სამწუხაროდ, უკრაინაში ჩვენ ვხედავთ რუსეთის მუდმივ მზადყოფნას, გამოიყენოს საკუთარი ძალა, რომ დაარღვიოს საერთაშორისო ნორმები, როდესაც ცდილობს სხვა ქვეყნის სუვერენული ტერიტორიის ხელში ჩაგდებას. პრეტენზიას აცხადებენ უკრაინის ტერიტორიაზე ისე, როგორც თავის დროზე საქართველოში, როდესაც შეიჭრნენ მის ტერიტორიაზე, რომლის ნაწილიც დღემდე ოკუპირებული რჩება. ამრიგად, ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს თავდაცვას, შეკავებას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ქართველებმა კარგად იციან, რომ რუსეთი ოკუპანტია. რუსეთის ჯარები აგრძელებენ თქვენს ტერიტორიაზე ყოფნას, არა იმიტომ, რომ ისინი აქ მოიწვიეს, არამედ იმიტომ, რომ შემოიჭრნენ. ვფიქრობ, საქართველო აცნობიერებს, რომ გეოგრაფია არ შეიცვლება; საქართველო არ არის დაინტერესებული და არც აშშ უჭერს მხარს რაიმე სახის აგრესიულ აქტივობას ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად. აშშ მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რათა შეეცადოს კონფლიქტის მოგვარებას და აიძულოს რუსეთი, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ვფიქრობ, ქართველებმა კარგად იციან რუსეთის რეალური ზრახვების შესახებ საქართველოს შიგნით.

ET: უკრაინის წინააღმდეგ ომმა, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ ყურადღება გაზარდა. შავი ზღვის რეგიონი შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. რამდენად მნიშვნელოვანია ახლა აშშ-ის მხრიდან კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ?

ჯოზეფ ბილბო: სტრატეგია ეფექტიანი რომ იყოს, ის არსებითად კოორდინირებული უნდა იყოს. თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ, როდესაც ამბობთ, რომ შავი ზღვის მნიშვნელობა კვლავ იზრდება. შუა დერეფნის განვითარებაზე ბევრს საუბრობენ ბევრ ქვეყანაში. შეერთებული შტატები აბსოლუტურად მხარს უჭერს ამ იდეას ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ერთად.

მე ვფიქრობ, რომ ახლა, როცა შავ ზღვას აკვირდები და როდესაც კონფლიქტი გაქვს ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს შავ ზღვასაც, სტრატეგიის კოორდინაცია ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, სატვირთო გემების უსაფრთხოდ გადასაადგილებლად და ვაჭრობის გაგრძელების უზრუნველსაყოფად უკიდურესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა რაოდენობის საზღვაო ნაღმებია განთავსებული ომის გამო.

ET: თბილისში გამართული ერთ-ერთი კონფერენციის ფარგლებში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებას ეძღვნებოდა, თქვენ საუბრობდით, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ინფორმაციის გაზიარება და გამოწვევები, რომლებიც სადაზვერვო საზოგადოებაში ასე ხშირად გვხვდება, ის საკითხებია, რომლებზეც შეერთებული შტატები ქართველ კოლეგებთან მუშაობს და რომ უკრაინაში ომმა, მხოლოდ აჩვენა ამ თანამშრომლობის გაზრდის საჭიროება. რას გვეტყოდით უფრო მეტს ამის შესახებ?

ჯოზეფ ბილბო: საქართველოს თავდაცვის ძალებთან NATO-ს თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი ისტრუმენტია NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი. ამ პაკეტის ფარგლებში ერთ-ერთ ძალისხმევა მოიცავს უსაფრთხო კომუნიკაციებსა და სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას. მას რეალურად ჩეხეთი ხელმძღვანელობს, მაგრამ NATO-ს ბევრი მოკავშირე თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა NATO-სთან საქართველოს თავსებადობის გაზრდა გაგრძელდეს და ამის ნაწილია ჩვენი უნარიც, ერთმანეთს გავუზიაროთ ინფორმაცია.

გვჯერა, რომ გვაქვს საერთო ინტერესები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა, ვაჭრობა შავ ზღვაში, საიდანაც ვფიქრობ, საქართველოს ბევრი სარგებლის მიღება შეუძლია. დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საკმაოდ მგრძნობიარე საკითხებზე ინფორმაციის გაზიარება ხშირად გვიწევს.

ET: შავი ზღვის რეგიონისთვის უდიდესი შესაძლებლობა აქვს ანაკლიის პორტის პროექტს. საქართველოს მნიშვნელოვანი სატრანზიტო შესაძლებლობა აქვს, მისი მეშვეობით გახდება შესაძლებელი ცენტრალური აზიიდან ევროპაში სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვა იმ ფონზე, როცა რუსეთის სანქცირების გამო, საფინანსო ინსტიტუტები ალტერნატიულ სატრანზიტო დერეფნებს ეძებენ. თქვენი შეფასებით, რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ამ პორტს, ეკონომიკური სარგებლის და ინვესტიციების გარდა. ამასთან, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა სავარაუდოდ, 2023 წელს უნდა დაიწყოს, თქვენი აზრით, ჯდება თუ არა ეს პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში?

ჯოზეფ ბილბო: ვფიქრობ, ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება.

ET: და ბოლოს, ვინაიდან წლის ბოლოა, გკითხავთ, როგორ შეაფასებთ 2022 წელს აშშ-საქართველოს პარტნიორობისთვის?

ჯოზეფ ბილბო: 2022 წელს ბევრი რამ გაკეთდა აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით. ხშირად, პანდემიის გამო, ვირტუალურად გვიწევდა კავშირი. თუმცა ხელახლა შევძელით პირისპირი კონტაქტის აღდგენა, რამაც გააძლიერა ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა. ეს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად წვრთნების ჩატარების შესაძლებლობას გვაძლევს. საქართველოს ასევე აქვს შესაძლებლობა, უმასპინძლოს საერთაშორისო კონფერენციებს, სადაც ყურადღება მახვილდება იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა. ვფიქრობ, გაგრძელდება უფრო ძლიერი და დიდი პარტნიორობა NATO-ს მოკავშირეებთან და შეერთებულ შტატებთან.