ვიცე-პრემიერები პრეზიდენტს აკრიტიკებენ „ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვების არმილოცვის“ გამო

ვიცე-პრემიერი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიან პრეზიდენტს აკრიტიკებს.

საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „სალომე ზურაბიშვილის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვაზე თავშეკავება, პოლიტიკური სიბეცეა.“

მისივე განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის საფრთხეების დაზღვევაზე ზრუნავდეს, ამ ნაბიჯით, საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს, ქვეყანაში მეტი რისკი იყოს, რითაც "პატრონების" დავალებებს ასრულებს.


„გვინდა, შევახსენოთ ჩვენს პრეზიდენტს, რომ ეს ის რეგიონია, სადაც გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების რისკები გაზრდილია ბოლო წლებში, რომ საქართველოს მთავრობა დღენიადაგ იმაზე ზრუნავს, ეს რისკები დააზღვიოს. ამის ფონზე, პრეზიდენტი, რომელიც არის მთავარსარდალი, თავს იკავებს ჩვენი მეზობელი, პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფოს მეთაურს მიულოცოს არჩევნებში გამარჯვება. ეს პოლიტიკურად სიბეცეს ნიშნავს, მაგრამ ეს კიდევ არა უშავს, ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს დავალებების შესრულებას ე.წ. „პატრონებისგან“ - ვფიქრობ, ამასთან უნდა გვქონდეს საქმე და მისი მიზანი უნდა იყოს არა ის, რომ როგორც პრეზიდენტმა, დააზღვიოს ჩვენი ქვეყნის საფრთხეები წინასწარ, იქონიოს მაქსიმალურად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა ისეთ საუკეთესო მეზობლებთან, რომელთა შორის არის აზერბაიჯანი, არამედ პირიქით, რომ უფრო მეტი რისკი იყოს ამ ქვეყანაში, ეკონომიკური საფრთხეები გაიზარდოს და ა.შ. როგორც ჩანს, ეს არის მისი მიზანი, რაც, მინიმუმ დასანანია,“ - აღნიშნა თეა წულუკიანმა.


წულუკიანმა აღნიშნა, რომ მიზეზი, თითქოს, ილჰამ ალიევის გამარჯვება საბოლოოდ ჯერ არ არის დადასტურებული, მისი დუმილის გამამართლებელ არგუმენტად ვერ გამოდგება. მან გაიხსენა ზურაბიშვილის მიერ ემანუელ მაკრონისთვის არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე მილოცვა.

„ახსნა იმის შესახებ, რომ ჯერ არ არის საბოლოოდ დადასტურებული გამარჯვება და ამიტომ არ ულოცავს ის ბატონ ალიევს, რა თქმა უნდა, გაზიარებული ვერ იქნება, იმიტომ რომ, ჩვენ გვახსოვს თუნდაც ერთი მაგალითი, როდესაც ქალბატონმა სალომემ ბატონ მაკრონს არჩევნების შედეგების ოფიციალურად დადასტურებამდე მიულოცა, რაც აბსოლუტურად ბუნებრივი და მისასალმებელი იყო მაშინ,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.


თავის მხრივ, ირაკლი ჩიქოვანი „უგუნურს“ უწოდებს პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელსაც „ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცია.“

„ელემენტარული დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ ეს მილოცვა აქამდე ბევრჯერ უნდა გაჟღერებულიყო. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის გაუგებარია ის უმოქმედობა, რომელსაც პრეზიდენტი ამ მიმართულებით იჩენს, ვინაიდან ყველასთვის ნათელი და ცხადია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობა და პარტნიორობა გვაქვს, განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანის ლიდერთან, აბსოლუტურად ყველა ლიდერს ჰქონია განსაკუთრებული ურთიერთობა, რამაც არაერთხელ შეუწყო ხელი ჩვენ ორ ქვეყანას შორის წარმატებული პროექტების განხორციელებას, მეორეს მხრივ, ელემენტარული დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ ეს მილოცვა აქამდე ბევრჯერ უნდა გაჟღერებულიყო.


ვერ გეტყვით, რამდენად გამოდგება გამართლება, რომელსაც პრეზიდენტის ზოგიერთი დამცველი იყენებს, რომ თითქოს, ოფიციალური შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, მაშინ როცა, ეს შედეგები საკმარისია იმისთვის, რომ ევროკავშირის ლიდერებმა, სხვა სახელმწიფოების ლიდერებმა, მათ შორის, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გამოიყენოს და მიულოცოს, წარმატებები უსურვოს ახალი პრეზიდენტობის პირობებში ბატონ ალიევს, რატომ არ არის ეს საკმარისი ქალბატონი პრეზიდენტისთვის.


ეს კიდევ ერთხელ მგონია, რომ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მიზნებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან აზიანებს და მეორე მხრივ, მგონია, საერთოდ, სულაც უგუნური გადაწყვეტილებაა, თუმცა, შესაძლებელია, ეს ყველაფერი გარკვეული სქემის ნაწილი იყოს, რომელსაც პრეზიდენტი ძალიან დიდი ხანია, აღასრულებს,“ - განაცხადა ჩიქოვანმა.


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ თემაზე ჯერჯერობით განმარტება არ გაუკეთებია.

აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი, ოფიციალური შედეგებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხმების 92,05% მოიპოვა.