აზერბაიჯანში ევროკავშირის ელჩი, პიტერ მიჩალკო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის დროს გამოითქვა სერიოზული შეშფოთება სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMA) საქმიანობასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ ის ეწინააღმდეგება თავდაპირველ შეთანხმებებს ამ მისიასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებით.
ამასთან, აღინიშნა, რომ მისია მოქმედებს მისი გაცხადებული მიზნების საწინააღმდეგოდ და რეგიონში სტაბილურობისა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნდობის ჩამოყალიბების ხელშეწყობის ნაცვლად, აზერბაიჯანის საწინააღმდეგო პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად გამოიყენება.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მისია არსებითად იქცა "ბინოკლების დიპლომატიის" აგენტად, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა ევროპელი ოფიციალური პირებისა და არაოფიციალური დელეგაციების ვიზიტებს სასაზღვრო რაიონებში და ყველა ასეთი ვიზიტი გამოიყენება აზერბაიჯანის მიმართ სიძულვილის და უსაფუძვლო აზერბაიჯანოფობიის გასავრცელებლად.
მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთთან მშვიდობა მხოლოდ სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ იქნება შესაძლებელი.