საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მხრიდან გაწეულ მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე, მათ შორის, სამხედრო განათლების, ერთობლივი სწავლებების, ექსპერტული, მატერიალურ-ტექნიკური და სხვადასხვა მიმართულებით თურქეთის კონტრიბუციაზე და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში აღმოჩენილ დახმარებაზე. შეხვედრისას თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზეც ისაუბრეს. შეხვედრას თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ილჰან ოკტენდურალი და მესამე მდივანი სულთან ალაილი დაესწრო.
ირაკლი ჩიქოვანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ასევე გამართა რუმინეთის ელჩთან და თავდაცვის ატაშესთან. მინისტრმა რაზვან როტუნდუსა და ვიცე-პოლკოვნიკ ოვიდიუ პისკოჩუს რუმინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა, თავდაცვის სფეროში წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში რუმინეთის როლი და აქტიური მონაწილეობა.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სხვადასხვა, მათ შორის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მიმართულებით არსებული მჭიდრო, თანმიმდევრული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და მრავალფეროვანი გახდება,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ირაკლი ჩიქოვანმა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ამერიკის ელჩ რობინ დანიგანთან 13 თებერვალს გამართა.