ტოივო კლაარი თბილისშია

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს ტოივო კლაარს შეხვდა.


სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება და უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე.


„საუბარი შეეხო რეგიონში წარმოქმნილ ურთულეს გამოწვევებს და მათი შესაძლო ზეგავლენის პერსპექტივებს, როგორც გლობალური, ასევე რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს. ხაზგასმით აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩართულობის კუთხით გაწეული ძალისხმევა. 


ასევე, აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) განსაკუთრებული როლი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სტაბილურობის უზრუნველყოფის კონტექსტში. ყურადღება გამახვილდა მანდატის თანახმად, მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუზღუდავი წვდომის გადაუდებელ საჭიროებაზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა მოლაპარაკებების არსებული ფორმატების, კერძოდ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობას,“ - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


მანამდე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვდა.

პარლამენტის ცნობით, „მხარეებმა საქართველოს უსაფრთხოების საკითხები და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. „შეხვედრისას ხაზი გაესვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირების პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.


ნიკოლოზ სამხარაძემ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები განიხილა, მათ შორის ბოლო დროს, სოხუმში მიმდინარე მოვლენები და დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილება, არ დაეშვათ ევროკავშირის სპეცწარმომადგენელი აფხაზეთში. შეხვედრის დასასრულს, ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპელმა დიპლომატმა მოკლედ მიმოიხილეს ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარება და წინასაარჩევნო პროცესის გავლენა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით.“