სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი აცხადებს, რომ მისი თხოვნა იანვრის ბოლოს აფხაზეთში ჩასვლის შესახებ არ დაკმაყოფილდა. მისი თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მას უკვე მეორედ უთხრეს უარი ოკუპირებულ რეგიონში შესვლაზე.
- თავის განცხადებაში, რომელიც Jam News-მა 26 იანვარს გამოაქვეყნა, კლაარი წერს, რომ „აფხაზეთის შედარებითი გახსნილობა არ უნდა გახდეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის მსხვერპლი.“
ვროკავშირის წარმომადგენელი დასძენს, რომ „პირიქით, ახლა საჭიროა მეტი, და არა ნაკლები პირდაპირი პირადი კონტაქტები, რათა გაიცვალოს შეხედულებები და შეფასებები ბოლოდროინდელ და მიმდინარე მოვლენებზე და განხილული იყოს შემდგომი ურთიერთჩართულობის შესაძლებლობები.“
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში „სულ უფრო მეტი შეზღუდვები დაწესდა ჩვენს მუშაობასა და გაეროს სააგენტოების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მუშაობაზე.“
ტოივო კლაარი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი „მთავარ როლს ასრულებს დიალოგისა ხელშეწყობისა და კონფლიქტების მოგვარების მცდელობებში“ ზოგადად სამხრეთ კავკასიაში, ისევე როგორც თბილისსა და სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის.
„ამ კონტექსტში და ჩვენი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში,” განაგრძო კლაარმა, „ევროკავშირი ხელს უწყობს ან აფინანსებს ჰუმანიტარული პროგრამების მნიშვნელოვან რაოდენობას აფხაზეთში უკვე ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში.”
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ, მიუხედავად ფუნდამენტური პოლიტიკური განსხვავებებისა და უთანხმოებებისა ზოგიერთ ძირითად საკითხზე, „ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით კომუნიკაციის არხების ღიად შენარჩუნებას და ჩართულობისთვის სივრცის უზრუნველყოფას ყველა იმ სფეროში, რაც მე აღვნიშნე.“
მან ხაზი გაუსვა ოკუპირებულ რეგიონში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სხვადასხვა ჰუმანიტარულ პროექტებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა, განათლება, მცირე ბიზნესის მხარდაჭერა და ჯანდაცვა. ტოივო კლაარმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ჩართულობისთვის სივრცის დახურვა ან საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის და, შესაბამისად, აფხაზეთისთვის დახმარების შეზღუდვა მხოლოდ გაამწვავებს იმ გამოწვევებს, რომელთა მოგვარებაცაა საჭირო.
სპეციალური წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ ამჟამად აფხაზეთი, როგორც ჩანს, იკეტება.
„მე ვერ ვხედავ, რამდენად არის ეს მოვლენები ვინმეს ინტერესში, განსაკუთრებით, აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესებში,“ – წერს კლაარი და იმედოვნებს, რომ შეზღუდვები დროებითია და მალე დაიძლევა.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტები აკრძალა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი.
- USAID ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრის გადაწყვეტილებაზე: ვაკვირდებით სიტუაციას
- რა პროგრამებს ახორციელებს USAID საქართველოში