COVID პასპორტი - საბუთი თავისუფლად გადაადგილებისთვის

ევროკომისია კოვიდპასპორტის შექმნის ინიციატივით გამოდის. ციფრული მწვანე საშვი მოიცავს ინფორმაციას პირის ვაქცინაციის შესახებ. თუ პირს ვაქცინა ჯერ არ გაუკეთებია, გათვალისწინებული იქნება ინფორმაცია კოვიდტესტის შესახებ, ასევე - ვირუსთან დაკავშირებული ავადმყოფობის ისტორია, კონკრეტუად კი, რეგისტრაცია კორონავირუსის გადატანის შესახებ.

ეს საბუთი ევროპელებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა პირობა დადო, რომ კოვიდპასპორტში ასახული ინფორმაცია მკაცრად იქნება დაცული.

„ციფრული მწვანე საშვის შემოღების შესახებ ოფიციალურ მოთხოვნას მარტში გავაკეთებთ. ეს იქნება მაქსიმალურად დაცული საბუთი, სადაც პირის კოვიდისტორია იქნება რეგისტრირებული. იგულისხმება: ვაქცინა, ჩატარებული ტესტები, გადატანილი ვირუსი“, - აღნიშნა ფონ დერ ლეიენი.

მისივე განცხადებით, ეს გააადვილებს ევროპელთა ცხოვრებას და საშუალებას მისცემს, გადაადგილდნენ ევროპასა თუ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სამსახურებრივი და ტურიზმის მოტივით.

ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ევროკომისიის პრეზიდენტი 17 მარტს გააკეთებს, თუმცა არაოფიციალური ვიდეოკონფერენცია ევროპის ქვეყნების ჯანმრთელობის დაცვის მინისტრებთან უკვე გაიმართა.

როგორც მათთან საუბრისას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის შინასმა განაცხადა, კოვიდპასპორტი სავალდებულო იქნება და ის მაქსიმალურად სწრაფად უნდა დამტკიცდეს, რათა ზაფხულის პერიოდისთვის აღდგეს თავისუფლი მიმოსვლა.

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს კოვიდპასპორტის შექმნასთან დაკავშირებით წინადადებებს 25 მარტის სამიტზე წარუდგენენ, რის შემდეგაც უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება საკითხის სისრულეში მოსაყვანად.

ინიციატივა თავისთავად დროულია, მაგრამ შეთანხმდებიან თუ არა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები, ეს 25 მარტს გაირკვევა. სკეპტიკური დამოკიდებულება ქვეყნებს შორის ვაქცინის არათანაბრად გადანაწილების შედეგია. მაგალითად, ევროკავშირის მიერ შემუშავებული გეგმით უკმაყოფილო ავსტრია და დანია უკვე გამოეყვნენ ძირითად ხაზს და დამოუკიდებლად დაიწყეს მოქმედება. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, აზრი ჯერ არ დაუფიქსირებია.

ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, თუ როგორ ახდენს ვაქცინაციის პროგრამის ორგანიზებას სხვადასხვა ქვეყანა. იტალიის მაგალითს თუ ავიღებთ, ვაქცინაციის პროცესი დეკემბერში დაიწყო და ოთხ ფაზად დაიყო.

პირველი ორი ფაზისთვის გათვალისწინებულია Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინა, მესამე ფაზისთვის - Astrazeneca, ხოლო მეოთხე ფაზისთვის ჯერ ცნობილი არ არის, თუ რომელი ვაქცინა იქნება გამოყენებული. ამ ეტაპზე იტალიაში დაახლოებით მილიონ ნახევარი ადამიანია აცრილი, მაგრამ თუ ამ ტემპით გააგრძელებენ, სპეციალისტების განცხადებით, იმისათვის, რომ მოსახლეობის 70 პროცენტი აიცრას, დაახლოებით წელიწადი და ათი თვე იქნება საჭირო.

ვაქცინაციის მხრივ, ამ ეტაპზე, საუკეთესო მაჩვენებელი ისრაელს აქვს, მას მოსდევს არაბთა გაერთიანებული საემიროები, დიდი ბრიტანეთი, აშშ და სერბეთი.

ნინა მამუკაძე

სპეციალურად Europetime-სთვის იტალიიდან