ტრამპმა ბაიდენის შესახებ პუტინის განცხადება კომპლიმენტად მიიღო

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომპლიმენტად აღიქვა პუტინის განცხადება, რომ ტრამპს ბაიდენი ურჩევნია.

სამხრეთ კაროლინაში, ჩრდილოეთ ჩარლსტონში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ ის „საოცარ საქმეებს გააკეთებს“, თუ არჩევნებში გაიმარჯვებს, მათ შორის, ძალიან სწრაფად დაასრულებს რუსეთსა და უკრაინას შორის ომს.


„რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, ფაქტობრივად, დიდი კომპლიმენტი მითხრა. მან თქვა, რომ ბევრად ურჩევნია ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა, ვიდრე ტრამპის. ახლა ეს კომპლიმენტია. მას სურს ბაიდენი, რადგან მიიღებს ყველაფერს, რაც სურს, მათ შორის, უკრაინას. ის აისრულებს უკრაინის დაპყრობის სურვილს ბაიდენის დამსახურებით. ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც რუსეთისთვის არაფერი მიუცია, ცნობილია, როგორც დონალდ ტრამპი," – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პუტინმა "Россия 1"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთისთვის უკეთესი იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა, ვიდრე დონალდ ტრამპის, რადგან ბაიდენი უფრო გამოცდილი და პროგნოზირებადი ადამიანია.