„სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ჩვენი შვილები სრულწლოვანების მიღწევამდე ტოვებენ ხოლმე ეკლესიას. საკმაოდ ხშირია ეს შემთხვევა. რატომ ხდება ეს? - იმიტომ, რომ ჩვენ, უფროსებმა, მშობლებმა, ვერ დავაყენეთ ისინი ამ გზაზე,“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ (მუჯირი) მირქმის დღესასწაულზე სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
„ეს დღესასწაული არის შეხვედრების დღესასწაული, სვიმეონის შეხვედრისა უფალთან, ძველი აღთქმის შეხვედრისა ახალ აღთქმასთან, ადამიანისა - ღმერთთან და ასევე, ჩვენი - შეხვედრისა უფალ იესო ქრისტესთან. მაცხოვარი სწორედ ამისთვის მოვიდა დედამიწაზე, რომ ყოველ ჩვენგანს შეხვდეს, მან ეს ინება, მას სურს ყოველ ჩვენგანთან შეხვედრა და გვაძლევს კიდეც ამის შესაძლებლობას ეკლესიაში. ამიტომაც მთავარი აზრი სულიერი ცხოვრებისა ამ შეხვედრისკენ უნდა იყოს მიმართული.
- ეს ჩვენს შვილებსაც უნდა ვასწავლოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ჩვენი შვილები სრულწლოვანების მიღწევამდე ტოვებენ ხოლმე ეკლესიას. საკმაოდ ხშირია ეს შემთხვევა. რატომ ხდება ეს? - იმიტომ, რომ ჩვენ, უფროსებმა, მშობლებმა, ვერ დავაყენეთ ისინი ამ გზაზე, ვერ შევძელით მოგვეთხრო, თუ როგორ მოხდა ჩვენში, ჩვენს პირად სულიერ ცხოვრებაში ქრისტესთან შეხვედრა საიმისოდ, რომ მათ შემდეგ, როგორც სვიმეონ მიმრქმელს, გასჩენოდათ ეს ძლიერი სწრაფვა და მოლოდინი ღმერთთან შეხვედრისა.
ჩვენს შვილებს, ბავშვებს, ძალიან ბევრი საცდური აქვთ ამ ცხოვრებაში, მოყოლებული ჩვილობის ასაკიდან, მათი მთავარი აზრი და სიტყვა რა არის? ეს არის „მინდა“.
ეს ათასგვარი სურვილი, რომელიც მათ იპყრობს თვალით ნანახის თუ გაგონილის მეშვეობით, თუ სხვადასხვა ვნების საშუალებით, შურის, ვერცხლისმოყვარეობის თუ ამქვეყნიური წარმატების სურვილის და ა.შ. მეშვეობით, ავიწყებს მათ და აშორებს მთავარ ღირებულებას, მთავარ სურვილს, რომ უნდოდეთ ქრისტესთან შეხვედრა, მიისწრაფოდნენ მთელი თავისი გულით ამისკენ.
ისე გამოდის, რომ ადამიანი ბავშვობიდან მოყოლებული ისრულებს ხოლმე თავის გარკვეულ სანუკვარ სურვილებს, ამას ახმარს წლებს, ზოგჯერ ათწლეულებსაც, მაგრამ ამას აღწევს. მაგრამ რაც არის მთავარი, ის რჩება მისი ყურადღების მიღმა.
ეს არის შეხვედრა ქრისტესთან. თუ ადამიანი ვერ შეხვდა უფალს ამ ცხოვრებაში, მაშინ მისი ცხოვრებაც ფუჭია, ამაოა, ცარიელია, უმადლოა და არავის სჭირდება, იმიტომ რომ მთავარი დანიშნულება, რომელიც, ვიმეორებ, ადამიანმა უნდა შეასრულოს, ეს არის შეხვედრა ქრისტესთან. და როდესაც ეს შეხვედრა მოხდება, უნდა შეიყვაროს მაცხოვარი და სამუდამოდ დარჩეს მასთან მარადისობაში. აი, ეს არის მიზანი სულიერი ცხოვრებისა. ეს უნდა შევძლოთ ჩვენც, უნდა ვისწრაფოთ ამისკენ და ჩვენს შვილებსაც ეს უნდა ვასწავლოთ.“