უზბეკეთი რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს უერთდება - მედია

უზბეკეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც დასანქცირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ქვეყანაში საბანკო ოპერაციების განხორციელებას აუკრძალავს. უზბეკეთის მეჯლისის საკანონმდებლო პალატის მორიგ პლენარულ სხდომაზე დეტალურად განიხილეს კანონპროექტი „უზბეკეთის რესპუბლიკის ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებული რისკის მართვის მექანიზმების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.“

როგორც რიგი მედიასაშუალებები წერენ, უზბეკეთი ამ გადაწყვეტილებით, რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს უერთდება. გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელიც უზბეკეთის მიმართ მეორადი სანქციების რისკის გამო შემუშავდა, დამატებით უფლებამოსილებებს ანიჭებს ქვეყნის ცენტრალურ ბანკს და ის ჩეხეთის, ლატვიისა და ესტონეთის გამოცდილების გათვალისწინებით მომზადდა.


როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეკონომიკური სანქციების მზარდი რისკების გამო, შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, უზბეკეთის საბანკო სექტორში სანქციების შესაბამისობის სისტემის ორგანიზებისა და ეფექტიანობის მუდმივი გაუმჯობესების აუცილებლობა იზრდება.


„ეს კანონპროექტი, საკრედიტო და საგადასახადო დაწესებულებებში, ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებული რისკების მართვის მიზნით, ცენტრალური ბანკისთვის, მოთხოვნების დაწესებას ითვალისწინებს. შესაბამისად, საკრედიტო და საგადასახადო დაწესებულებებს ეძლევათ უფლება, უარი თქვან ანგარიშების გახსნაზე და ოპერაციების განხორციელებაზე, რაც ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებული რისკების მართვის მოთხოვნების ნაწილია.

მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკრედიტო და გადახდის ორგანიზაციების საქმიანობაში ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებული რისკების რეგულირებისა და კონტროლის სამართლებრივ საფუძველს. ეს საშუალებას აძლევს პირებს, რომლებიც ექვემდებარებიან ეკონომიკურ სანქციებს ან სანქციების რისკის ქვეშ არიან, თავისუფლად გახსნან ანგარიშები და განახორციელონ ტრანზაქციები ადგილობრივ ბანკებთან.


კანონის ინიციატორების თქმით, ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებული რისკების მართვის მოთხოვნების განსაზღვრის სამართლებრივი ბაზის შექმნა საშუალებას მისცემს ცენტრალურ ბანკს, დროულად გამოავლინოს სისუსტეები საკრედიტო და გადახდის ორგანიზაციების რისკების მართვის სისტემებში და შექმნას ეფექტიანი მექანიზმი რისკების სწორად შეფასებისა და მინიმიზაციისთვის.


„ამ კანონპროექტის მიღება გააძლიერებს საბანკო სისტემის ფინანსურ სტაბილურობას, გაზრდის საერთაშორისო და უცხოური ფინანსური ინსტიტუტების ნდობას ქვეყნის საბანკო სისტემის მიმართ და უზრუნველყოფს მოქალაქეთა და ბიზნეს სუბიექტების ტრანსსასაზღვრო ოპერაციების უწყვეტობას,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.