ტავრიის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურის, ალექსანდრ ტარნავსკის შეფასებით, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში ვითარება რთულია, მაგრამ კონტროლირებადი.
ბრიგადის გენერლის თქმით, მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარეობს ქვედანაყოფების გეგმური გაძლიერება და ჯარების მანევრირება საფრთხის შემცველი მიმართულებით.
გარდა ამისა, გამოყოფილია საბრძოლო მასალისა და სხვა იარაღის დამატებითი რესურსი. „მომზადდა ახალი პოზიციები და ყველა შესაძლო სცენარის გათვალისწინებით მძლავრი სიმაგრეების მომზადება გრძელდება,“ - აღნიშნა ტარნავსკიმ.
„ავდიივკაში მძიმე, მაგრამ კონტროლირებადი ვითარებაა. ქალაქში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ჩვენი ჯარები მტრის შესაჩერებლად ყველა ხელმისაწვდომ ძალასა და საშუალებას იყენებენ,“ - აღნიშნა ტარნავსკიმ.
თავის მხრივ, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, არსებობს რისკი, რომ დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ავდიივკა რუსულმა ძალებმა აიღონ.
სამწუხაროდ, უკრაინელებისგან ვიღებთ ინფორმაციას, რომ სიტუაცია ავდეევკაში კრიტიკულია. ვინაიდან რუსები აგრძელებენ ყოველდღიურ ზეწოლას უკრაინის პოზიციებზე, არსებობს საფრთხე, რომ ავდეევკა რუსეთის კონტროლის ქვეშ მოხვდება,“ – აღნიშნავს კირბი.
ის ამბობს, რომ დიდწილად ეს საფრთხე გამოწვეულია საარტილერიო ჭურვების ნაკლებობითა და რუსეთის ცოცხალი ძალის უპირატესობით.
„რადგან კონგრესმა ჯერ კიდევ არ მიიღო დამატებითი დახმარების პაკეტი, ჩვენ ვერ შევძელით უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდება, რომლებიც მათ სჭირდებათ რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად,“ – აღნიშნა ჯონ კირბიმ.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა კონგრესს, რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცონ უკრაინის ფინანსური დახმარების პაკეტი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ფრონტის სხვა ადგილებშიც შესაძლოა, განმეორდეს ის, რაც ავდიივკაში ხდება.
მე-3 ცალკეული თავდასხმის ბრიგადის „ტერას“ ქვედანაყოფის მეთაურმა, ნიკოლაი ვოლოხოვმა განაცხადა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ავდიივკაში ელიტარული ჯარები გადაიყვანეს და ქვეითების ძალიან დიდი რაოდენობის თავმოყრა მოახდინეს.
დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში მიმდინარე სასტიკი ბრძოლის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ სამხედროებს აღმოსავლეთ ფრონტზე ყველა საჭირო მხარდაჭერას ჰპირდება. „რაც შეეხება სიტუაციას ფრონტის ხაზზე - ავდიივკაში და, ზოგადად, აღმოსავლეთში, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს ჯარისკაცებს ჰქონდეთ საკმარისი შესაძლებლობები მეტი უკრაინელის სიცოცხლის გადასარჩენად,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ავდიივკა უკრაინული ქალაქია და ის განიხილება, როგორც დონეცკის რეგიონის კარიბჭე, აღმოსავლეთ უკრაინაში ამ ქალაქის აღება რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის იყო. ქალაქთან მძიმე შეტაკებები პერიოდულად ახლდებოდა. ვითარება უკრაინულ ქალაქში მძიმეა, ომის დაწყებამდე თუ აქ 32 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კიევის მონაცემებით, ეს რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. ქალაქ ავდიივკის ოკუპაცია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა, მოგვიანებით უკრაინამ ქალაქზე კონტროლი აღადგინა.
რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში ორი წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.