რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა.
უწყების ინფორმაციით, ნავალნიმ თავი გასეირნების შემდეგ შეუძლოდ იგრძნო და პრაქტიკულად მყიდიერად გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს. უწყების ცნობით, „დგინდება ნავალნის გარდაცვალების მიზეზები.“
ფაქტს უკვე გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი. დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების სამსახური ატარებს შემოწმებას, ხოლო ნავალნის გარდაცვალების მიზეზი მედიკოსებმა უნდა დაადგინონ. პუტინს ნავალნის გარდაცვალებაზე უკვე მოახსენეს.
- ნავალნის ადვოკატმა, ლეონიდ სოლოვიოვმა განაცხადა, რომ ადვოკატი პოლიტიკოსთან 14 თებერვალს, ოთხშაბათს იყო მისული. „ალექსეი ნავალნის ოჯახის გადაწყვეტილებით, კომენტარს არ ვაკეთებ. ახლა საკითხს ვარკვევთ. ადვოკატი ოთხშაბათს იყო. მაშინ ყველაფერი ნორმალურად იყო,“ – აღნიშნავს სოლოვიოვი.
2023 წლის ბოლოს, ნავალნი რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.
2023 წლიდან ნავალნი სასჯელს იხდიდა განსაკუთრებული რეჟიმის კოლონია "Полярный волк-ში" (რუს. პოლარული მგელი), იამალის ნახევარკუნძულზე, დასავლეთ ციმბირის ჩრდილოეთში.
სადამსჯელო იზოლატორის საკნის პირობები განსაკუთრებით მკაცრია: პატიმრებს არ აძლევენ თეთრეულს, ეკრძალებათ შეხვედრა ახლობლებთან, სატელეფონო საუბრები, ამანათების მიღება გარედან, სეირნობა და სურსათის შეძენა მაღაზიაში.
2023 წლის აგვისტოში მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა და დამნაშავედ ცნო ექსტრემისტული ჯგუფის დაარსებაში, ექსტრემიზმისკენ მოწოდებასა და მის დაფინანსებაში. პოლიტიკოსი თავს დამნაშავედ არ ცნობდა. მას რიგი ორგანიზაციები პოლიტპატიმრად მიიჩნევდნენ. ნავალნის მოწამლვა 2020 წელს სცადეს, რის შემდეგაც, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში დაბრუნდა.
„ალექსეი ნავალნის დაპატიმრება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს მის გაჩუმებას. მისი დაკავება მხოლოდ ხაზს უსვამს ნავალნის მიერ წამოყენებული ბრალდებების გამოძიების აუცილებლობას, რომ ის მოწამლეს სახელმწიფო აგენტებმა, რომლებიც უმაღლეს დონეზე გაცემული ბრძანებით მოქმედებდნენ," - წერდა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის შესახებ და მას სინდისის პატიმარს უწოდებდა.
- თავის სისხლისსამართლებრივ დევნას თავად ნავალნი, რუსი უფლებადამცველები და საერთაშორისო თანამეგობრობა პოლიტიკურ დევნად მიიჩნევდნენ. სადამსჯელო საკანი პატიმრობის განსაკუთრებით მკაცრი პირობებით გამოირჩევა. ნავალნი მას აღწერდა, როგორც ორი - სამ მეტრზე ზომის საკანს, სადაც რკინის უზურგო სკამზე უხდებოდა ჯდომა. ის ასევე ჰყვებოდა, რომ სადამსჯელო საკანში არის მხოლოდ ადუღებული წყალი და ერთი წიგნი, განსხვავებით ჩვეულებრივი საკნისგან, სადაც არის "ყავა და ორი წიგნი."