იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს.
„იტალიის მთავრობის და პირადად ჩემი სახელით მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად თქვენი დანიშვნა.
იტალიასა და საქართველოს შორის პარტნიორობა ეფუძნება იმ საერთო ღირებულებების ერთობლიობას, რომელიც პირველ რიგში აისახა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი სუვერენიტეტის ჩვენი მტკიცე მხარდაჭერით. ჩვენ კვლავ წინ აღვუდგებით ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო წესრიგის ამ ფუნდამენტურ პრინციპს.
ჩვენი შეხედულებების იდენტურობა ასევე წარმოდგენილია იტალიის მხარდაჭერით საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ, რაც დასტურდება გასული წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს მიერ საბოლოოდ აღიარებული წევრობის კანდიდატობის სტატუსით, რომლის სასარგებლოდ იტალია მუდმივად მუშაობდა შესაბამის ევროპულ სტრუქტურებში.
ამ საფუძვლებზე დაყრდნობით მე მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ, ერთად ვიმუშაოთ იმ მჭიდრო კავშირების გასაღრმავებლად, რომელიც გვაერთიანებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ დონეზე, და, ამავდროულად, იტალიური ცოდნის, გამოცდილების გაზიარებით, ამბიციური რეფორმის განსახორციელებლად, სადაც საქართველოს ინსტიტუციები დაკავებულები არიან ევროპულ გზაზე წინსვლით.
კიდევ ერთხელ გულწრფელად გილოცავთ და გამოვხატავ თქვენს მიმართ ჩემს პატივისცემას,“ - ნათქვამია ჯორჯია მელონის მისალოცში.